მაკა ჯოხაძე. ვის უხმობს მამა ადამის ზარი.
ჟურნალი „გურია“ (2019 წელი, სექტემბერი, N35) აქვეყნებს ცნობილი მწერლისა და კრიტიკოსის ქალბატონ მაკა ჯოხაძის ესსეს „არქიმანდრიტის ზარი“, რომელიც მამა ადამის შემოქმედების განხილვის შესანიშნავი მცდელობაა.
„რამდენადაც არქიმანდრიტ ადამის (ვახტანგ ახალაძის) შემოქმედებას ვიცნობ, პირადად მე, თავისუფლად, უანგაროდ, დაუბრკოლებლად შემიძლია ვაღიარო, რომ მისი მხატვრული შემოქმედების თითოეული სიტყვა გამოტანჯული, განწმენდილი და ღმერთისთვის დაბრუნებულია“, – წერს ავტორი და აგრძელებს: – „მამა ადამის (ერისკაცობაში – ვახტანგ ახალაძის), ამ არაორდინარული ადამიანის, დიდებული მეცნიერის, ექიმის, ფილოსოფოსის, ღვთისმეტყველის, სასულიერო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის ცხოვრების წესი და შემოქმედება ერთი მთლიანობაა, სიტყვისა და საქმის განუყოფლობაა, ამიტომაც ეჭვმიუტანლად უჯერებ, როცა გეუბნება:
„არ გავრბოდი – გავურბოდი თოვლისა და წვიმის სისველეს,
არც მელნისას, არც ცრემლებისას, არც სისხლისას...
მათკენ ვილტვოდი – მიზიდავდნენ;
უნდა მეწერა, ისევ მეწერა, ვეწამებოდი“.
...მხატვრულ ტექსტს რომ იდუმალება უნდა ახლდეს, ეს ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა. ლექსი ან უნდა ასხივებდეს, ან თავად ყვინთავდეს საიდუმლოს ველში და პოეზიის უჩვეულო ხილვები პაროლებივით ამოჰქონდეს: „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“... მკითხველს კი საიდუმლოს ამოხსნის მწვავე სურვილი უნდა კლავდეს – ნეტა, რა ეწერა იმ პერგამენტზე, რომლის წაკითხვაც მხოლოდ გალაკტიონს შეეძლო?
„იმიტომ, რომ სახლია შენი!“-ში შეტანილი ნებისმიერი მოთხრობა თუ „პროზაული ტექსტი“, პირადად ჩემთვის, ამ საიდუმლოს შემცველია. კითხულობ, განიცდი, ხედავ, მიჰყვები, იგებ, თანაუგრძნობ, ხარობ, სევდიანობ... და მაინც, იმ პერგამენტზე დაწერილისა არ იყოს, გრძნობ, რომ ბოლომდე ვერ ჩასწვდები, ვერანაირი ლიტმცოდნეობითი ტერმინით ვერ ამოხსნი ამ საიდუმლოს, ამ იდუმალებას და, ფიქრობ, რომ სწორედ ესაა მწერლის გამარჯვებაც“.