აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის, არქიმანდრიტი ადამის (ახალაძე) მისასალმებელი სიტყვა  წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ ІV საერთაშორისო სამეცნიერო–საღვთისმეტყველო კონფერენციაზე 

     "მოხარული   ვარ,   რომ   თქვენთან,  როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად ვიზიარებ დღევანდელ სიხარულს, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ, ერთის მხრივ, ივერიის ეკლესიის საჭეთმპყრობელის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევითა და თანადგომით გრძელდება ტრადიცია წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და საღმრთისმეტყველო მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის გამართვისა საქართველოში – ქვეყანაში, რომლის წმიდა მიწამაც სათუთად შეინახა ამ უდიდესი საეკლესიო მამის წმიდა სხეული და, მეორეს მხრივ, იმითაც, რომ ინტერესი ამ თემისადმი და, შესაბამისად, კონფერენციის მასშტაბი სულ უფრო ფართოვდება.
     დროის მდინარებასთან ერთად, ღვთის შეწევნით, ჩვენ ვივსებით ახალი ცოდნით წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სულიერი მემკვიდრეობის შესახებ. მაგრამ ცოდნის შეძენასთან ერთად ჩვენ თავადაც უნდა ვეძიოთ და აღმოვაჩინოთ რაღაც სხვა, ახალი – გულის განზომილებისეული ჩვენს ირგვლივ, ჩვენს შიგნით – ჩვენს სულიერ სამყაროში; აკი ჩვენი ქვეყნის, მთელი კაცობრიობის  მომავალი ადამიანების მიერ არჩეულ სულიერ–ზნეობრივ ღირებულებებზეა დამოკიდებული. ეს გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესიის, ქრისტიანული ცივილიზაციისა და ადამიანის სულიერ–ზნეობრივი ცხოვრების ფუნდამენტური ფასეულობანი, რომელნიც დღემდე ლოცვით, სისხლით, ერთგულებითა და თავგანწირვით მოგვიტანეს ღვთისკაცთა, მოწამეთა, წმიდა მღვდელმთავართა, ღირსთა მამათა და დედათა, მართალთა და ყოველთა წმიდათა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავს ღვაწლი და აღმსარებლობა წმიდისა მამისა ჩვენისა მაქსიმესი. ამ უდიდესმა მამამ ცივილიზაცია დაამშვენა უნიკალური და უნივერსალური მოძღვრებით, რომელიც შინაარსობრივად არა მარტო საღვთისმეტყველოა, არამედ უბადლო ფილოსოფიური აზრის ისტორიაშიც და მოიცავს ღმერთის, ადამიანისა და სამყაროს ურთიერთმიმართების ყველა ასპექტს.
     მინდა  მივულოცო   თითოეულ   ჩვენგანს   და მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მეუფე სტეფანეს, რომ წლების განმავლობაში დიდი შრომითა და სიყვარულით შექმნილი ეს საერთაშორისო კონფერენცია ხელს უწყობს როგორც საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინებას  და მისი კუთვნილი ადგილის დაბრუნებას საზოგადოებისა და ეკლესიის ცხოვრებაში, ასევე ღვთისმეტყველების დაახლოებას მეცნიერულ სივრცესთან და მაქსიმოლოგიის აყვანას სრულიად ახალ სიმაღლეზე.
     გილოცავთ და გმადლობთ ყურადღებისათვის!"

არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)

 

Created by Joomla.ge