მწერლის საიუბილეოდ. ნოდარ დუმბაძე
და ქართული კერის ჩაუქრობლობა
13 ივლისს თამარ მეფის უნივერსიტეტში ლიტერატურული სალონის "მირკანი"-ს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ნოდარ დუმბაძე, თითოეული ჩვენგანი და ქართული კერის (ქვეყნის, სახელმწიფოს) ჩაუქრობლობა”. ღონისძიება მიეძღვნა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლისა და მოაზროვნის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.
საღამო გახსნა და ნოდარ დუმბაძის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე ისაუბრა თავის სიტყვაში უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კურატორმა გრიგოლ სულაბერიძემ.
ღონისძიებას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე. თავის გამოსვლაში იგი შეეხო ნოდარ დუმბაძის, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მწერლის ცხოვრების, შემოქმედებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის საკვანძო საკითხებს, თანამედროვე ჭრილში განიხილა მისი, როგორც მამულიშვილისა და შემოქმედის დამოკიდებულება სოციალური პრობლემების მრავალფეროვანი სპექტრის მიმართ.
სიტყვით გამოვიდნენ: ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ინგა ღუტიძე, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი სალომე კაპანაძე, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი, პოეტი ნინო ქუთათელაძე,
ელენე სარალიძე, ბელა სარია.
ნოდარ დუმბაძეზე მოგონებებით საზოგადოების წინაშე წარსდგა ემზარ კვიტაიშვილი.
მოწვეულნი იყვნენ თვალსაჩინო მოღვაწენი ლიტერატურული და სამეცნიერო წრეებიდან.