მეექვსე საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმის თემა
ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში
9 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში გადაცემის „შუადღე ერთსულოვნებაზე“ პირველი სტუმარი გახლდათ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე). გადაცემის წამყვანი – ია ბედოიძე, ხელმძღვანელი – ცირა ცანავა.
საუბარი შეეხო ახლახანს გამართულ საერთაშორისო თბილისურ ბიოეთიკურ სიმპოზიუმს „დედობა: სოციალური, ეთიკური, სამედიცინო, ბიოლოგიური, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტები“.
მამა ადამი მოკლედ შეეხო თბილისური სიმპოზიუმების დაფუძნებისა და ჩატარების ისტორიას, უპასუხა შეკითხვებს მეექვსე სამეცნიერო ფორუმის მნიშვნელობის, მისი მონაწილეებისა და წარმოდგენილი მოხსენებების, ტრანსდისციპლინური კვლევების, დედობის ფენომენთან დაკავშირებული სულიერ–ზნეობრივი, მეცნიერული, ფილოსოფიური, თეოლოგიური და სოციალური პრობლემების ირგვლივ.
„დედობა საკრალური და ამავდროეულად ტრანსდისციპლინური ცნებაა. ეს ფენომენი გასხივოსნებულია იმ ზეციური მადლით, რასაც ყოვლადწმიდა დედაღვთისმშობლისა და ჩვენი მაცხოვრის დედაშვილობა ჰქვია. დედა კი მხოლოდ ის არსება როდი გახლავთ, რომლის სითბო და სიყვარული ჩვენს მთელს ცხოვრებას მიჰყვება, არამედ ისიც, ვისი ხელიც აკვანს არწევს, ხოლო ეს ხელი, რომელიც აკვანს არწევს, სწორედ ეს ხელი ჭედავს კაცობრიობის ბედს“, – თქვა გადაცემის ბოლოს მისმა სტუმარმა მამა ადამმა.