გია მოშიაშვილის პოეტური კრებულის პრეზენტაცია
უნივერსიტეტში ექიმ გია მოშიაშვილის (ისრაელი) პოეტური კრებულის – „მრავალწერტილი 2“-ის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას უმასპინძლა ლიტერატურულმა სალონმა „მირკანმა“ და შიმონ პერესის სახელობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრმა.
გია მოშიაშვილი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. ეს მისი მეორე პოეტური კრებულია, პირველი წიგნი „მრავალწერტილი“ გამოიცა დაახლოებით 2 წლის წინ და მისი წარდგინება მოხდა როგორც ისრაელში, ასევე საქართველოში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები. ამასთანავე - სამეცნიერო, ლიტერატურული, ხელოვნების სფეროების, ებრაული თემის წარმომადგენლები, ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი. მან ისაუბრა ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიულ, თანამედროვე, სამომავლო, ღირებულებით და საკაცობრიო ასპექტებზე.
რამდენიმე ლექსი წაიკითხა თავად ავტორმა. პოეტურ კრებულზე მოკლე რეცენზია ესსეს სახით წარმოადგინა ლიტერატორმა ელენე სალარიძემ. სიტყვით გამოვიდნენ: ჯამლეტ ხუხაშვილი , ბაღათერ არაბული (მწერალთა კავშირის თავმჯდომარე), დავით შემოქმედელი (საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე), ლეილა ნოდია (რუსთაველის საზოგადოების ქართულ-ებრაული ურთიერთობების ხელმძღვანელი), ნატალია ზაქარეიშვილი (ჯანდაცვის ექსპერტი), ლელა წიწუაშვილი (საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი), ია სულაბერიძე (წიგნის რედაქტორი).
საინტერესო იყო ისრაელიდან ჩამოსული სტუმრების – გია მოშიაშვილის მეგობრების – ლეა საპირისა და დავით ბოთერას გამოსვლები. ქალბატონმა ლეამ საკუთარი ლექსები ქართულ და ივრითულ ენებზე წაიკითხა, ბატონმა დავითმა კი ქართულად და გერმანულად.
აღსანიშნავია, რომ შიმონ პერესის სახელობის ცენტრმა უნივერსიტეტში დაახლოებით 2 წლის წინ აიღო სტარტი და საწყისშივე განისაზღვრა, რომ იგი შეიქმნებოდა სივრცედ და ასპარეზად ქართულ-ებრაული ურთიერთობებისთვის, როგორც მეცნიერების, ასევე კულტურისა და ხელოვნების სფეროებში.