მეხუთე საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმის პირველი სესია
2014 წლის 7 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა V საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმის I სესია, თემაზე: „ოჯახი გლობალურ სივრცეში: ბიოთიკური კონტექსტი“.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით.
სესიის მოდერატორები გახლდნენ: არქიმანდრიტი ადამი (საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი) და მამა გაბრიელ ბრაგანტინი (საქართველოში კათოლიკური ეკლესიის კულტურისა და ეკლესიური კომისიის თავმჯდომარე). კონფერენციის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო 6 მომხსენებელი:
1. ჯუზეპე ანფოსი (იტალია), აოსტა-იტალიის ეპისკოპოსი;
2. არქიმანდრიტი ადამი (საქართველო), საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე;საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი, პროფესორი
3. ერნესტო ბორგი (იტალია), ლუგანოს ეპარქიის ბიბლიური ფორმაციის კოორდინატორი, თეოლოგიის დოქტორი
4. ასუნტინა მორეზი (იტალია), იტალიის ბიოეთიკის ეროვნული კომიტეტის წევრი, მინისტრთა საბჭოს კონსულტანტი, მინისტერიალური კომისიის და ჯანდაცვის საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი
5. მარკო ლორა (იტალია), თეოლოგიის დოქტორი, იტალიის საოჯახო ასოციაციების ეროვნული ფორუმის გენერალური დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი ხელოვნური განაყოფიერების დარგში
6. იეჟ პილუსი (პოლონეთი), ”კარიტასის” სოციალურ-პასტორალური პროგრამების
ხელმძღვანელი საქართველოში
სესია დისკუსიით დასრულდა. ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და ექსპერტთა მსჯელობა შეეხო იმ კორექციებს, რომლებიც მსოფლიო საზოგადოებრიობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა შეიძლება განახორციელონ სახელმწიფო, ეროვნული, ტრადიციული და კულტურული ფასეულობებისა და ინტერესების გათვალისწინებით ოჯახის ფენომენის საკეთილდღეოდ.
აღნიშნული ბიოეთიკური სიმპოზიუმი რიგით მეხუთეა და იგი, ისევე როგორც წინამორბედნი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით გაიმართა.