აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ინტერვიუ მამა ადამთან საშობაო ეპისტოლეში 
სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების თემებთან დაკაშირებით

– სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების თემას საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა.

– ეს მართლაც ასეა. ამიტომაც დაგთანხმდით ინტერვიუზე, ოღონდაც თავიდანვე მაქვს სურვილი, შევთანხმდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვინმეს პოზიციების შეფასებას კი არ მივუძღვნით ჩვენს საუბარს და ძვირფას დროს, არამედ განვმარტავთ და ამ გზით თვალსაჩინოს გავხდით პრობლემის არსს. ყველაზე მეტად, ჩვენი აზრით, სწორედ ამ არსის წარმოჩენა აკლია იმ მოსაზრებებს, რომლებიც მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთა მხრიდან გაისმოდა ამ დღეებში. პირველ რიგში, სასურველია ყველა მსგავს სიტუაციაში გადავიდეთ ხოლმე დიალოგის ფორმატში, რაც მხოლოდ ვინმესთან საუბარს კი არ გულისხმობს, არამედ მზადყოფნასაც მოისმინო მეორე მხარის სათქმელი, ხოლო პრობლემისადმი საკუთარი დამოკიდებულებანი ემოციების გარეშე, განსხვავებული აზრისადმი პატივისცემის დემონსტრირებით, გამოხატო. საზოგადოების „გამოხმაურებების“ დიდ ნაწილს ნამდვილად აკლდა, სამწუხაროდ, კეთილგანწყობა, ზოგჯერ კეთილგონიერებაც კი, რადგან დაგვავიწყდა, რომ ერთმანეთს ერთი ერის შვილები, ერთი სამოქალაქო საზოგადოების წევრები ვეკამათებოდით, ანუ ისინი, ვისაც ცხოვრება ერთად, ერთ, და თანაც საკმარისად პატარა, ქვეყანაში უხდებათ ახლაც და მომავალშიც მოუხდებათ. თუკი საფრთხის გამოჩენაზე განგაშის ზარებს შემოჰკრავს ვინმე, ჩვენ, თუკი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები გვამოძრავებს მართლა, უნდა გამოვფხიზლდეთ და ამ საფრთხის არსის შესწავლას, კვლევასა და ანალიზს მივყოთ ხელი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვერც ქილიკითა და დაცინვით გულის მოფხანა, ვერც მომხრეთა მხარდაჭერის მოძიება ვერ წაადგება ჩვენს უკეთეს მომავალზე ზრუნვის საქმეს. აქ ყველაზე მეტად გვმართებს საკუთარი ინტერესების დავიწყება და ობიექტური, ჭეშმარიტებისკენ მიმართული სჯა–ფიქრი.

  

– გეთანხმებით და პირდაპირ გეკითხებით: მაინც რატომ აქვს ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების მიმართ?

– ამ და სხვა მსგავს შემთხვევებში ეკლესია გარდა თავისი, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობრივი პრინციპებისა, როგორც წესი, ითვალისწინებს იმ მოსაზრებებს, რომელთაც გამოთქვამს მეცნიერების შესაბამისი დარგები, რა–თქმა უნდა, მეცნიერების ფილოსოფია და ეთიკა. 

   ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების შექმნამ, რომელთაც დააკმაყოფილეს ადამიანის სურვილი, თავად გადაწყვიტოს, ჰყავდეს თუ არა შვილი, ერთი მხრივ, გარკვეულწილად დაძლია უშვილობის პრობლემა, მაგრამ შვილიერების სიხარულთან ერთად მეცნიერების განვითარების ამ ნაყოფმა კაცობრიობას “აჩუქა” სრულიად ახალი, მანამდე არარსებული დილემები. სწორედ ამ დილემებზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას.

   მოცემული თემის განხილვისას თვალშისაცემია, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული ტექნოლოგიის ზემოქმედება ადამიანის გამრავლებასა და სქესობრივ ცხოვრებაზე: ბავშვის ჩასახვა, ანუ სპერმატოზოიდის (მამის სასქესო უჯრედისა) და კვერცხუჯრედის, ოოციტის (დედის სასქესო უჯრედის) შერწყმა, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის – ზიგოტის – წარმოქმნა, ხდება მეუღლეების სულიერ-მშვინვიერი მონაწილეობის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ირღვევა ცოლქმრული ურთიერთობის მთლიანობა, სისავსე: არა მარტო ბიოლოგიური კომპონენტის არაბუნებრივ დაშორებას აქვს ადგილი ემოციურისა და პიროვნულისაგან, არამედ თვით ბიოლოგიური კომპონენტიც არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დედისა და მამის მონაწილეობის უგულვებელყოფით, მეუღლეებს შორის კავშირისათვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური სქესობრივი რეაქციების გარეშე.

   ამგვარად იქცევა ჩასახვა ცოლქმრული სიყვარულის ნაყოფიდან კვერცხუჯრედის სპერმატოზოიდებით განაყოფიერების ლაბორატორიულ პროცედურად დედის სხეულის გარეთ.

   საყურადღებოა კიდევ რამდენიმე მომენტი:

   ჯერ ერთი ის, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის წარმოშობა და არსებობა, შემდგომში ადამიანის ემბრიონის ცხოვრება, სიცოცხლე და განვითარება წინასწარგანზრახულადაა მოკლებული მისთვის ონტოლოგიურ გარემოს – ქალის ორგანიზმს. ნუთუ რაიმე დამატებითი მეცნიერული არგუმენტებია ვინმესთვის საჭირო, ვინც კი ბიოსამედიცინო აზროვნების ანბანს მაინცაა ზიარებული, რომ დედის წიაღისგან განშორება სიცოცხლის პირველ საათებსა და დღეებში უკვე სტრესოგენურია, შემდგომში – მოწყვლადობის მომასწავებელი და საგანგაშოც;

   მეორეც ის, რომ ოოციტის განაყოფიერების მექანიზმი მეცნიერული თვალსაზრისით საიდუმლოებითაა მოცული და დღემდე ბოლომდე გაუშიფრავია. თუმცა ის, რაც ცნობილია, გვაძლევს საშუალებას ეჭვქვეშ დავაყენოთ in vitro განაყოფიერების ზოგიერთი ასპექტი. ასე მაგალითად, ცნობილია, რომ მამის მიერ გამოყოფილი სპერმა შეიცავს მილიონობით სასქესო უჯრედს, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილი გადალახავს ქალის ორგანიზმში არსებულ ბარიერებს და ფალოპიუსის მილს მხოლოდ რამდენიმე ასეული აღწევს, ხოლო მომწიფებული კვერცხუჯრედის ლოდინს ამათგან მხოლოდ ყველაზე ჯანსაღნი და ძლიერნი უძლებენ. იბადება კითხვა: როგორ, რა კრიტერიუმებით იკვლევს და საზღვრავს ამგვარ სიტუაციაში მილიონობით თუ არა, ათასობით ან ასობით მაინც სპერმატოზოიდთა შორის იმ ერთადერთ, ყველაზე ჯანსაღ და ძლიერ სპერმატოზოიდს ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგია? და თუ იგი ამას ვერ ახერხებს ისევე სრულყოფილად, როგორც ეს ხდება ბუნებრივი გზით განაყოფიერების დროს (რაც დღსავით ნათელია!), ხომ არის ეს კიდევ ერთი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ დავასკვნათ: ხელოვნური რეპროდუქცია მთლიანად ვერ ანაცვლებს ბუნებრივს და ამიტომაც უნდა ველოდოთ, რომ რაღაც ვერ იქნება მთლად კარგად ამგვარ სამეფოში...

   კიდე ერთი რამაა ყურადსაღები: განაყოფიერების აქტში – ჩასახვის დროსა და სივრცეში – მესამე მხარის – ფიზიკური პირის (ხშირად – პირთა) ყოფნა და მონაწილეობა, რაც არღვევს ცოლქმრული ურთიერთობის საკრალურობასა და საიდუმლოებრიობას.

   შეგახსენებთ ამასაც: იმდენად ღრმა საიდუმლოს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის ჩასახვა, რომ იგი არა მარტო თვალთაგანაა დაფარული, არამედ არასოდეს არ შეგვიძლია განვსაზღვროთ ზუსტად, როდის მოხდა განაყოფიერება, ხოლო დედაშვილობის ეს პირველი დღეები, ადამიანის სიცოცხლის დასაწყისი დაფარულია თვით დედისაგანაც კი. მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგაა შესაძლებელი ორსულობის შეგრძნება ან დიაგნოსცირება.

   აქვე დავსძენთ, რომ თუ ხელოვნური განაყოფიერება ხდება დონორული კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდების გამოყენებით, ბიოეთიკური პრობლემების რიცხვი უფრო მეტად იზრდება...

– რას ფიქრობენ, ან რა პრობლემებს ხედავენ სხვა, არასამედიცინო დარგების სპეციალისტები ხელოვნურ განაყოფიერებაში?

– ხელოვნური რეპროდუქციული მეთოდების მიუღებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას იურისტები, სამედიცინო სამართლის, იურიდიული მედიცინის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველები, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტები, ფსიქოლოგები. ბევრი მათგანი ვარუდობს, რომ იმდენად, რამდენადაც ხელოვნური რეპროდუქციული პროცედურების წარმატებული გამოსავლის სიხშირე არც თუ ისე მაღალია, არ არის მიზანშეწონილი მათი ასე ფართოდ დანერგვა პრაქტიკაში. მათივე აზრით, ამგვარი მეთოდები თავისი არსით ქალის ორგანიზმზე ჩატარებულ თავისებურ ექსპერიმენტულ კვლევასა და ქალის წინააღმდეგ ტექნოლოგიური აგრესიის განხორციელებას წარმოადგენს. გარდა ამისა, დაუსაბუთებლად თვლიან მამაკაცთა უნაყოფობის შემთხვევების ჩართვას ამ ტექნოლოგიების გამოყენების არეალში, რადგან იმის ნაცვლად, რომ მამაკაცს უმკურნალონ უშვილობის გამო, პრობლემის გადაწყვეტას ქალის ორგანიზმის გამოყენებით ცდილობენ. ჩვენ კი იმასაც დავუმატებთ, რომ უშვილობის განკურნება ამ დროს, ცხადია, საერთოდ არ მიიღწევა.

 ემუქრება თუ არა ხელოვნური განაყოფიერების დროს რაიმე საფრთხე ქალის ჯანმრთელობას?

 როდესაც ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების ბიოეთიკურ არსზე ვმსჯელობთ, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ისიც, რომ რამდენიმე კვერცხუჯრედის მომწიფების მისაღწევად ოვულაციის ჰიპერსტიმულაციის მიზნით სხვადასხვა ნივთიერების გამოყენება (ჰორმონების შეყვანა) ქალებში ქმნის ონკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური დაავადებების განვითარების საშიშროებას, ხოლო ამ გზით ჩასახულ ბავშვებს შესაძლებელია აღენიშნოთ ჯანმრთელობის დარღვევის სხვადასხვა გამოვლინება. აი, ამ უკანასკნელ საკითხზე, ვფიქრობთ, გვმართებს დაფიქრება, რადგან სწორედ ამგვარი კვლევების შედეგების გასაჯაროება შეიძლება გახდეს ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების მეშვეობით დაბადებული ადამიანების სოციალური დისკრიმინაციის საფუძველი, რასაც მხოლოდ ქრისტიანულ ღირებულებებზე ჭეშმარიტად დაფუძნებული საზოგადოება და სამართალი შეიძლება დაუპირისპირდეს.

 არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნური განაყოფიერება შეიძლება მისაღები გახდეს, თუ არ მოხდება არცერთი ემბრიონის მოკვდინება, ანუ ყოველი შეკვეთის შემთხვევაში „დამზადდება“ მხოლოდ ერთი ემბრიონი...

 ჩემი აზრით, უკვე ჩამოვთვალეთ მრავალი სერიოზული საწინააღმდეგო არგუმენტი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გიპასუხებთ, რომ ეს მოსაზრება მხოლოდ ფანდია. გარიგების მონაწილე არცერთი მხარისათვის არაა იგი მისაღები, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ძალიან ძვირდება ტექნოლოგია მრავალჯერადობის მიზეზით და ამიტომაც პრაქტიკულად არ ხორციელდება არსად, არც ერთ ამგვარ ცენტრში. 

   ვინაიდან შევეხეთ ამ საკითხს, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების სერიოზული და განსაკუთრებული სულიერ-ზნეობრივი საშიშროება მათში იმთავითვე სწორედ პროაბორტული იდეოლოგიის მატარებლობაა: ეს მეთოდიკა წინასწარვე ითვალისწინებს ემბრიონების მოკვდინებას, რადგან წარმატების უზრუნველსაყოფად საშვილოსნოში ხდება არა ერთი, არამედ რამდენიმე ემბრიონის სინქრონული იმპლანტაცია, რომელთაგან ამოირჩევა ერთი ან მეტი, დანარჩენები კი აბორტირდება. განადგურებას ექვემდებარება სინჯარებში მიღებული ემბრიონების ის “ჭარბი” რაოდენობაც, რომელთა იმპლანტაციაც არ მოხდა. როგორც წესი, ამ ემბრიონებს აკონსერვებენ გაყინვის გზით. თუკი ამგვარად გაყინული ემბრიონები ცოლ-ქმრის მიერ არ იქნა გამოყენებული შემდგომი ორსულობისათვის, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს მათ განადგურებას 5-10 წლის შემდეგ. ასე მაგალითად, 1996 წლის 1 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში სასიკვდილო განაჩენი 3300 შენახულ ემბრიონს გამოუტანეს. მას შემდეგ 17 წელზე მეტი გავიდა. გაყინული და ჭარბი ემბრიონების რიცხვი კი იზრდება... მათ ბედში ჩარევის უფლებას ითხოვენ მეცნიერებიც: მათ ეს უმწეო ადამიანური არსებები სხვადასხვა კვლევისათვის ან დონორებად სჭირდებათ მოკვდინების შემდეგ მათგან აღებული უჯრედებისა და ქსოვილების თერაპიული და ექსპერიმენტული მიზნებით გამოსაყენებლად.

   ყველას გვსურს შევახსენოთ, რომ ქრისტიანული თვალსაზრისით, ადამიანის ჩასახვა ღვთის სასწაულიცაა და საჩუქარიც, შესაბამისად, ჩასახვის მომენტიდან მოყოლებული, ნებისმიერი ძალმომრეობა ადამიანურ არსებაზე – ჩანასახზე, ნაყოფზე და ა. შ. – დანაშაულია.

   ადამიანის ჩანასახების კრიოკონსერვაცია რთულ მორალურ–ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებს აღძრავს. ამ სახით ემბრიონების შენახვა შეიძლება განუსაზღვრელი ვადით. ასევე შესაძლებელია მათი გადაგზავნა შორ მანძილზე, ან გაყიდვა შემდგომი იმპლანტაციის მიზნით უნაყოფო ქალის ორგანიზმში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში ემბრიონების გაყიდვა აკრძალულია.

   კრიოკონსერვაციამ შექმნა არაერთი რთული ბიოეთიკური პრობლემური სიტუაცია: ცოლ–ქმრის ან უნაყოფო ქალის მიერ ემბრიონის იმპლანტაციაზე უარის თქმა; განქორწინების შემთხვევები იმპლანტაციამდე; ერთი ან ორივე მეუღლის სიკვდილი ემბრიონის ჩანერგვამდე. ასეთი სიტუაციებისათვის, სამწუხაროდ, მოუმზადებელი აღმოჩნდა, როგორც საკანონმდებლო ბაზა თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე ფსიქოლოგები, ბიოეთიკოსები, რეპროდუქციული ცენტრები.

– ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების კიდევ ერთი ბიოეთიკური პარადოქსი ე. წ. “სუროგატულ“ დედობასთანაა დაკავშირებული.

– დიახ. უპირველეს ყოვლისა, სუროგაცია უგულვებელყოფს იმ ღრმა სულიერ და ემოციურ სიახლოვეს, რომელიც ორსულობის დროს მყარდება დედასა და შვილს შორის და წინასწარ წირავს მათ, ბიოლოგიურ დედასაც და საზოგადოებასაც ფსიქოლოგიური კრიზისული სიტუაციისათვის, გადაწყვიტონ, თუ რომელი დედაა ნამდვილი.

– პრობლემები, უნდა ვივარაუდოთ, ამით არ ამოიწურება...

– რა თქმა უნდა. პლურალისტური სურვილებისა და მიზნების პირობებში ადამიანები, სამწუხაროდ, მიმართავენ პრობლემის გადაწყვეტის ნებისმიერ გზას – მათ შორის “სუროგატული დედობის“ ტექნოლოგიასაც, რომელმაც მოასწრო თავისი არსებობის განმავლობაში დაეხვავებინა ბიოეთიკურ პრობლემათა, პარადოქსთა, დილემათა და კოლიზიათა მთელი წყება.
   ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს წარმოგიდგენთ:

1. მშობიარობის შემდეგ ე. წ. “სუროგატული“ დედის მიერ ბავშვის გადაცემისას ე. წ. გენეტიკური მშობლებისათვის იგნორირებულია თანამედროვე მეცნიერების (ფსიქოლოგიის, ნაყოფის მედიცინის, პერინატოლოგიის, ემბრიოლოგიის და სხვ.) მიერ მოპოვებული მონაცემები ორსულობისდროინდელი დედაშვილობისა და პრენატალური ბავშვობის კვლევის მიმართულებით;

2. ჩნდება ახალი ცნება “სუროგატული ორსულობა“ თავისი ფსიქოლოგიური, სულიერ–ზნეობრივი და ბიოლოგიური თავისებურებებით;

3. იმ შემთხვევებში, როდესაც “სუროგატული“ დედა არის ე. წ. გენეტიკური დედის ან მამის დედა (მომავალი ბებია), ან და (მომავალი დეიდა ან მამიდა) ან სხვა ახლო ნათესავი, ამგვარ რთულ სიტუაციათა შექმნით ხელს ვუწყობთ ისეთი ადამიანური და სოციალური ღირებულებისადმი ტრადიციული დამოკიდებულების მეტამორფოზას, ისეთი საკრალური ფასეულობის დევალვაციას, როგორიცაა ოჯახი;

4. სუროგატულ განზომილებაში ჩნდება “სუროგატული მამის“ ცნება. ამ ტერმინს იყენებენ მარტოხელა მამების მიმართ, რომლებიც დაიქირავებენ არა მარტო “სუროგატ დედას“, არამედ კვერცხუჯრედის დონორსაც;

5. მარტოხელა “სუროგატული მამის“ სუროგატულ შვილს დაბადების მოწმობაში შეუვსებელი რჩება გრაფა “დედა“, ხოლო ასეთი შემთხვევებისათვის დაბადების მოწმობის სპეციალური ფორმების შემოღების შემთხვევაში (რაც სავსებით გასაგები მიზეზების გამო უცილობლად მოხდება) უბრალოდ გაქრება გრაფა და სიტყვა “დედა“;

6. “სუროგატულმა დედობამ“ არატრადიციულ რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან ერთად შექმნა პრეცენდენტი ე. წ. არატრადიციულ „ოჯახებზე“ ანუ ერთსქესიან წყვილებზე “ზრუნვისა“, რათა იმათაც “დაიკმაყოფილონ“ შვილის ყოლის სურვილი. რა თქმა უნდა, ამგვარი ქმედება მიგვაჩნია ქრისტიანული სამყაროსათვის კატეგორიულად მიუღებელ მოვლენად;

7. როდესაც საზოგადოებაში ყალიბდება “სუროგატული დედობის“ კომერციული ინსტიტუტი, ცხადია, იგი არსობრივად ემსგავსება მომსახურების სფეროს და შესაბამისად ხელს უწყობს დედაშვილობისადმი, როგორც სიწმიდისადმი, საკრალური დამოკიდებულების გაქრობასა და დედობის, როგორც უმაღლესი, შეუდარებელი ადამიანური, საკაცობრიო და ღვთაებრივი ღირებულების დევალვაციას;

8. სუროგატული რეპროდუქცია არ ითვალისწინებს ბავშვის უფლებას, დაიბადოს და გაიზარდოს ტრადიციულ ოჯახში, დედისა და მამის სიყვარულის გარემოცვაში, არ მიიღოს მენტალური დაზიანება არატრადიციულ – ერთსქესიანი წყვილის, მხოლოდ დედის ან მხოლოდ მამის მიკროსოციუმში და ა. შ.;

9. რეპროდუქციის ეს ხელოვნური სახე არის წყარო ე. წ. “სუროგატული ობლობისა“ იმ შემთხვევებში, როდესაც უკვე გაჩენილი ბავშვების შვილობა შემკვეთებმა – ე. წ. გენეტიკურმა მშობლებმა გადაიფიქრეს, ან უარი თქვეს იმის გამო, რომ ახალშობილს ესა თუ ის დაავადება აღმოაჩნდა, ან ორი–სამი სუროგატული ახალშობილიდან აირჩიეს მხოლოდ ერთი. აქვე განიხილება ტრაგიკული შემთხვევებიც ერთი ან ორივე გენეტიკური მშობლის გარდაცვალებისა. მსგავსი მაგალითები აღწერილია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოებში, მათ შორის, რუსეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში;

10. სუროგატულმა რეპროდუქციულმა ტექნოლოგიამ წარმოშვა ადამიანის სიკვდილის შემდგომი მამობისა და დედობის ფენომენები, რაც გულისხმობს კონსერვაციის გზით შენახული გამეტების გამოყენებას ამ მიზნით. ხშირად ამგვარი მიდგომა შთამომავლობის გაჩენისადმი არაქრისტიანული მსოფლმხედველობის ადამიანების მიერ უკვდავების ასპექტშიც კი განიხილება; ვვარაუდობთ, რომ თაობათა შორის დროითი და სივრცობრივი ბუნებრივი წონასწორობის ამგვარი დარღვევა, არატრადიციული კომპონენტების მოჭარბება ადამიანთა სქესობრივი ცხოვრებისა და გამრავლების სფეროში, გამოიწვევს ისეთ კატაკლიზმებს, რომელთა განჭვრეტა და, მით უმეტეს, პრევენცია შეუძლებელია ამ ფენომენების კვლევის მონაცემების არარსებობის, ნაწილობრივ შეუძლებლობისა და უგულვებელყოფის გამო.

– აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ პრობლემათა სიმრავლეა სამართლებრივი კუთხითაც. რას ამბობენ სამედიცინო სამართლის სპეციალისტები?

– ისინი დიდი ყურადღებით მისმენდნენ სამედიცინო სამართლისა და ბიოეთიკის საერთაშორისო კონგრესზე გასულ წელს და რამდენიმე პუბლიკაციაც შემიკვეთეს. ასე თანამშრომლობენ ცივილურ საზოგადოებაში პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, რომელთა რიცხვი საკმარისზე მეტია:

  • გაურკვეველია, თუ რა ბედი ეწევა ბავშვს, რომლის ბიოლოგიური მშობლები გარდაიცვალნენ ან გაიყარნენ “სუროგატული“ ორსულობის პერიოდში;
  • რაგვარი სამართლებრივი სტატუსი აქვს “სუროგატულ“ მარტოხელა მამას;
  • როგორ და ვის შეუძლია სუროგაციისათვის გამოიყენოს გარდაცვლილი ადამიანის – ნათესავის სასქესო უჯრედები და სხვ.;
  • უნდა განისაზღვროს ე. წ. “სუროგატული“ დედობის საკანონმდებლო და სამართლებრივი ნორმატივები.

   იმასაც შევნიშნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული სამართლებრივი რეალია სრულყოფის მიზნით მოითხოვს ერთიან გადამუშავებას და ჰარმონიზაციას ტრადიციებთან, ეროვნულ, ადამიანურ და ღვთაებრივ ფასეულობებთან.

– დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვან თემებზე საუბრისათვის.

 დიდი მადლობა თქვენც. დასასრულ ვიტყვი, რომ ე. წ. “სუროგატული“ დედობა არატრადიციულ რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან ერთად წარმოადგენს ახალ, ბოლომდე ჯერ კიდევ შეუცნობელ განზომილებასა და ხარისხს კაცობრიობის ბიოლოგიური, სოციალური, კულტურული და სულიერი არსებობის რეალიაში; იგი დაკავშირებულია ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის არსებობისა და გადარჩენის რისკთან, რომელიც ამჟამად შეუძლებელია შეფასდეს ადეკვატური სიზუსტით მეცნიერული ცოდნის შემოსაზღვრულობის გამო, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების თვალსაზრისით. ამიტომაც ვერ მივესალმებით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტის ამგვარ გზას და ვერ მივიღებთ “სუროგატულ“ პარადიგმას თავისი აურაცხელი სულიერ–ზნეობრივი “სუროგატული“ პრობლემით.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


არქიმანდრიტი ადამი –
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე,
საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი
თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი
ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს წევრი

Created by Joomla.ge