წუთიერი დუმილი სიმონ ზაზაძის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად
6 ოქტომბერს უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა აკადემიური საბჭოს წევრებს, სენატისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ–მასწავლებლებს და სტუდენტებს მწუხარებით აცნობა თურქეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი მეცენატის, საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენის, საქართველოს საპატიო მოქალაქის, ZAZA HOLDING–ის მფლობელის, 1962–1982 წლებში ჟურნალ "ბედი ქართლისას" დამფინანსებლის, სტამბოლის ქართველთა სავანის კომანდატორის, საქართველოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორისა და ამავე უნივერსიტეტის მეგობართა და მხარდამჭერთა საზოგადოების პალატის ოქროს წევრის, სიმონ პავლეს ძე ზაზაძის გარდაცვალების შესახებ.
არქიმანდრიტმა ადამმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის ხსოვნას.
თავის გამოსთხოვარ სიტყვაში მამა ადამმა აღნიშნა ბატონი სიმონ ზაზაძის უდიდესი ღვაწლი და მისი საქმიანობის მნიშვნელობა საქართველოსა და თურქეთში მცხოვრები ქართველების სულიერი და მატერიალური კულტურის კვლევისა და შენარჩუნების საქმეში.
„სიმონ ზაზაძის ცხოვრება გადაშლილი წიგნია. მას ჯერ ყურადღებით წაკითხვა სჭირდება და მერე იქიდან ბევრი რამის სწავლაა აუცილებელი, თუ გინდა იმ სიმაღლეებსა და მასშტაბებზე წარმოდგენა შეგექმნას, რომლებსაც მან მიაღწია..
ერთი რამ მინდა მივუსადაგო ჩემს დღევანდელ სათქმელს. ის, რაც სამი-ოთხი ათეული წლის წინ ახმედ ოზქან მელაშვილის გარდაცვალების გამო განაცხადა ერთმა აფხაზმა მწერალმა: „არ იტიროთ, რადგან ასეთი ადამიანის წასვლის შემდეგ კი არ გლოვობენ, არამედ ცდილობენ მასავით იცხოვრონო!“
ღმერთმა შეგვაძლებინოს!“ – განაცხადა მამა ადამმა.