აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

დეკანოზ თეიმურაზის წიგნების პრეზენტაცია

     2013 წლის 5 დეკემბერს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა სასწავლებლის სასწავლო-მეთოდური სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ფილოსოფიის ისტორიის პედაგოგის დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის წიგნების წარდგინება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები, აგრეთვე, მოწვეული საპატიო სტუმრები.

    ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა, რომელმაც ისაუბრა უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის პრობლემებსა და პერსპექტივებზე სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცეში.

     საზოგადოებას წარედგინა 4 წიგნი. „ლექციები ფილოსოფიის ისტორიაში (I ნაწილი)“, რომელიც წარმოადგენს ძველი აღმოსავლური და ანტიკური ფილოსოფიის ისტორიის მიმოხილვას, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რუსუდან წიქვაძემ; მეორე წიგნის – „იესო ქრისტეს სახე მსოფლიო ლიტერატურაში (სახარებისეული ინტერპრეტაციები)“ შესახებ, მოხსენება გააკეთა ლიტერატურათმცოდნემ შორენა სიხარულიძემ; „რელიგიების ისტორია“ კი წარმოადგინა სასულიერო აკადემიის პედაგოგმა, ამ წიგნის რედაქტორმა ზურაბ ეკალაძემ; მეოთხე წიგნია „მანიქეველობა და ქრისტიანობა“.

     წიგნების წარდგინების ღონისძიება ჩატარდა უნივერსიტეტის რექტორის 2013–14 სასწავლო წლის ინიციატივის ფარგლებში: „ცოცხალი რწმენა და წიგნიერება – მომავლის ხიდი“.

Created by Joomla.ge