აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 გარდაიცვალა სიმონ ზაზაძე

5 ოქტომბერს ჟენევაში ერთ–ერთ კლინიკაში გარდაიცვალა თურქეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, ბიზნესმენი, საქართველოს საპატიო მოქალაქე, ZAZA HOLDING–ის მფლობელი, 1962–1982 წლებში ჟურნალ "ბედი ქართლისას" დამფინანსებელი, სტამბოლის ქართველთა სავანის კომანდატორი, საქართველოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ამავე უნივერსიტეტის მეგობართა და მხარდამჭერთა საზოგადოების პალატის ოქროს წევრი, სიმონ პავლეს ძე ზაზაძე.

იგი 1933 წელს დაიბადა თურქეთში, პავლე ზაზაძისა და მარიამ ჩილინგარიშვილის ოჯახში. სამი წლის ასაკში ქართულ, ფრანგულ და თურქულ ენებზე საუბრობდა. ფრანგულსა და თურქულს - დედა, ხოლო ქართულს სტამბულის ქართველთა სავანის მღვდელი შალვა ვარდიძე ასწავლიდა. 

პატარა სიმონი სტამბოლის დედათა მონასტრის მიერ გახსნილ ბავშვთა ბაღში დადიოდა.სწავლობდა გერმანულ დაწყებით სკოლაში, ინგლისურ "რობერტ კოლეჯში", თურქულ თაქსიმის ლიცეუმში. უმაღლესი განათლება სტამბოლის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე მიიღო და, რადგანაც ძალიან უნდოდა ექიმობა, დამატებით სტამბოლის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე შევიდა. თუმცა მალე მამის თხოვნით სამკურნალო ფაკულტეტს თავი დაანება და ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. ამის შემდეგ ლონდონში გაემგზავრა და "London School"-ში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ეკონომიკის საკითხებზე.

მან სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა ქ. თუზლაში. იყო გარნიზონის გენერლის თანაშემწე. აშშ-ში დაამთავრა უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი და ამ სფეროშიც მოიპოვა სამეცნიერო ხარისხი.

სიმონ ზაზაძე ნამდვილი პოლიგლოტი იყო. თავისუფლად საუბრობდა თურქულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, ბერძნულ, იტალიურ, ლათინურ, ესპანურ, ქართულ ენებზე.

იგი სალექციო კურსს კითხულობდა ბეირუთის ინდურ უნივერსიტეტში. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, წარმოშობით ფინიკიელი ქლაუდე (ქლოდ) ინჯეა. მათ სამი შვილი შეეძინათ – ნათალი (ნატალია), პაულა  და პავლე (პოლი).

ზაზაძეების ოჯახს ჰქონდა საპნის, ტექსტილის, კოსმეტიკის წარმოება, ფაბრიკები, რომელთა ბაზაზე ამჟამად შექმნილია მსოფლიო მნიშვნელობის "ZAZA-HOLDING", რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 326-ზე მეტ საწარმოს ფლობს.

სიმონ ზაზაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან - ნინო და კალისტრატე სალიებთან, გივი ზალდასტანიშვილთან, ჯონ–მალხაზ შალიკაშვილთან...

1962-1982 წლებში პავლე და სიმონ ზაზაძეები აფინანსებდნენ ჟურნალ "ბედი ქართლისას" (ფრანგულ ენაზე). ასევე ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ გამომავალ სხვა გამოცემებსაც: "კავკასიონი", "პრომეთე", "გუშაგი", "საქართველოს გუშაგი", "თეთრი გიორგი", "თავისუფალი საქართველო", "საქართველო", სტამბოლში გამომავალ ჟურნალებს – "ფიროსმანი" და "ჩვენებური".

სიმონ ზაზაძემ დიდი რისკის ფასად ლიბანიდან ჩამოიტანა კათოლიკე მღვდელ შალვა ვარდიძის არქივი.

1968 წელს მეუღლესთან ერთად გახსნა კერძო ლიცეუმი "ოზელ ბილგი კოლეჯი".

სიმონ ზაზაძე გახლდათ ქართველ კათოლიკეთა ეკლესიისა და მონასტრის ნამდვილი პატრონი -კომანდატორი.

2000 წელს თურქეთში ჩამოყალიბდა თურქეთ-საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდი. ფონდის მმართველი საბჭოს წევრებად არჩეულ იქნა სიმონ ზაზაძე ვაჟიშვილ პავლესთან ერთად. 

ზაზაძეების ოჯახის ხელშეწყობით თბილისში კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრის გულის ქირურგიის კლინიკის ბაზაზე განხორციელდა პროექტი "ღია გული". 

2006 წ. სიმონ ზაზაძე ესტუმრა მშობლიურ სოფელ უდეს. ახალციხის უნივერსიტეტმა ის აირჩია საპატიო დოქტორად, ხოლო ახალციხის მხარემ - საპატიო მოქალაქედ. გახლდათ თბილისის ივ. ჯავახიშვილის, ბათუმის, ქუთაისისა და საპატრიარქოს თამარ მეფის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.

2007 წ. ოქტომბერში სიმონ და პავლე ზაზაძეები საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

სიმონ ზაზაძე გახლდათ საქართველოს საპატიო მოქალაქე.

Created by Joomla.ge