5 აპრილს დიდუბის პანთეონში ქართველი იუნკერის
ვიტალი უგრეხელიძის ნეშთი დაკრძალეს
დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სკოლის იუნკერის ვიტალი უგრეხელიძის ნეშთი დაკრძალეს.
14 საათზე დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში პანაშვიდი დაიწყო. ღვთისმსახურება აღასრულეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარმა, ჩვენი უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ და ვარშავის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ჰენრიკ პაპროცკიმ.
პანაშვიდის შემდეგ ნეშთი პანთეონში გადაასვენეს.
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველის ხსოვნას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა მიაგეს პატივი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა სამგლოვიარო მარში შეასრულა.
ქართველი იუნკერი, პოლონეთის არმიის ოფიცერი და ულანთა მე-17 კორპუსის მეთაური, 1939 წელს, როგორც გერმანელი, ასევე, საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოს - „ვირტუტი მილიტარის" ორდენის კავალერი ვიტალი უგრეხელიძე 1983 წელს დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა.
საკუთარი ანდერძის თანახმად, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ორგანიზებით მისი ნეშთი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. ცერემონიალზე დასასწრებად პოლონეთიდან ვარშავის დელეგაცია ჩამოვიდა.
ვიტალი უგრეხელიძე 1902 წელს დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. მოგვიანებით სწავლა თბილისის ქართულ სამხედრო იუნკერთა სკოლაში განაგრძო. 1921 წელს ვიტალი უგრეხელიძე ტაბახმელასთნ ბრძოლაში დაიჭრა, რის შემდეგაც სამშობლო დატოვა და პოლონეთში გადაიხვეწა. 1922 წელს უგრეხელიძემ სამხედრო განათლების მიღება პოლონეთში განაგრძო. მსახურობდა პოლონეთის არმიაში. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იგი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა. ვიტალი უგრეხელიძე პუბლიცისტი და პოლონური ლიტერატურის მთარგმნელი იყო.