ქართველი იუნკერის ვიტალი უგრეხელიძის ხსოვნისა
და მისი ნეშტის საქართველოში გადმოსვენებისადმი
მიძღვნილი საღამო
სახელოვანი ქართველი მამულიშვილის ნეშტი დაიკრძალა დიდუბის პანთეონში. იმავე დღეს, საღამოს 5 საათზე კავკასიის სახლის სააქტო დარბაზში გაიმართა ვიტალი უგრეხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
საღამოს უძღვებოდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი – ვახტანგ ახალაძე.
მამა ადამმა, გახსნა რა ღონისძიება, ვრცლად ისაუბრა დღევანდელი დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქართველი იუნკრებისა და პირველი მოწყალების დების ცხოვრების მეცნიერული შესწავლის აუცილებლობაზე...
მსახიობმა ვახტანგ ახალაძემ წაიკითხა ფრაგმენტები ადამ მიცკევიჩის პოემის „პან თადეუშის“ ვიტალი უგრეხელიძისეული თარგმანიდან.
სიტყვით გამოვიდნენ:
ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური სემინარის ხელმძღვანელი, ჟურნალ „პრო გეორგიას“ გამომცემელი, „პან თადეუშის“ ქართულ ენაზე თარგმანის პოლონური გამოცემის რედაქტორი და კომენტარების ავტორი პროფესორი დავით ყოლბაია;
სევდია დარეჯან უგრეხელიძე–ლუკაჩი – ვიტალი უგრეხელიძის ქალიშვილი, რადიო „თავისუფლების“ მიუნჰენის რედაქციის თანამშრომელი გასული საუკუნის 60–70–იან წლებში;
სევდია უგრეხელიძე – ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვიტალი უფრეხელიძის ძმისშვილი;
დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი – ვარშავის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, პროფესორი.
ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ქართული ფილმიდან „თავისუფლების 1005 დღე“ (რეჟისორი ლევან აბულაძე).
საღამო დაამშვენა ქართულმა ჰანგებმა. სიმღერები ჟღერდა ქართველიშვილების საოჯახო ტრიოს შესრულებით.
ადამ მიცკევიჩის ხსენებული პოემის ქართულენოვანი თარგმანი ეკუთვნის პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერს ვიტალი უგრეხელიძეს, რომელიც, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ქართველ იუნკრებსა და ოფიცრებთან ერთად ჩამოვიდა პოლონეთში და მისი არმიის შემადგენლობაში ჩაირიცხა. იგი გახლდათ პოლონეთის ულანთა მე-17 კორპუსის მეთაური და 1939 წელს, როგორც გერმანელი, ასევე, საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - „ვირტუტი მილიტარის" ორდენით დაჯილდოვდა. 1945 წელს იგი შეუერთდა პოლონელი გენერალ ანდერსის მეორე კორპუსს იტალიაში, პოლონეთში კომუნისტური წყობის დამყარების შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდა დიდ ბრიტანეთში.
ლონდონში ვიტალი უგრეხელიძე აქტიურად მონაწილეობდა პოლონეთის ემიგრაციის კულტურულ ცხოვრებაში. მან ქართულად თარგმნა ადამ მიცკევიჩისა და სხვა ცნობილი პოლონელი მწერლების ნაწარმოებები. ადამ მიცკევიჩის ყველაზე ცნობილი პოემის ქართულენოვანი თარგმანი ვიტალი უგრეხელიძემ 1955 წელს გადასცა ლონდონის პოლონურ ბიბლიოთეკას.
539 გვერდიანი ქართული ხელნაწერი, მისი გამოქვეყნების მიზნით, ლონდონის პოლონურმა ბიბლიოთეკამ გასულ წელს ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრს გადასცა. თარგმანის წიგნად გამოიცა ცენტრისა და ოსსოლინსკების სახელობის ეროვნული ინსტიტუტის (Ossolineum) ძალისხმევით. აღსანიშნავია, რომ მიცკევიჩის ეპიკური პოემის წარმოდგენილი, უგრეხელიძისეული თარგმანი უცნობია ქართული საზოგადებისთვის და იგი არასოდეს ყოფილა გამოქვეყნებული ქართულ ენაზე.