ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია
2014 წლის 31 იანვარს – როგორც წმიდა დიდი კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების ყოველ დღეს ხდება – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დიდი ხალხმრავლობა იყო. ამჯერად უნივერსიტეტმა თავისი დიდი მფარველი წმინდანის ხსენების დღე საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი, თანამედროვეობის ერთ–ერთი უდიდესი მხატვრისა და პოეტის ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდიის დაფუძნებით აღნიშნა.
თავისი საქმიანობით სტუდია თავს მოუყრის არამარტო ესმა ონიანის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ მასალებს, არამედ გახდება ხელოვნების ცნობილი მოღვაწეებისათვის მასტერკლასების, ლექციებისა და შემოქმედებითი შეხვედრების ჩატარების ადგილიც. სტუდია თავის თავზე აიღებს გამოფენების მოწყობასაც. იგი გახდება როგორც ცნობილი ხელოვანების, ასევე სამხატვრო ხელოვნების სხვადასხვა დარგით დაინტერესებული პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტების თავშეყრისა და დისკუსიების თაოსანი.
გახსნის წინ სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის რექტორმა მამა ადამმა. მასთან ერთად სამხატვრო სტუდიის გახსნის პატივი წილად ხვდათ ცნობილ მხატვარ–გრაფიკოსს, ბატონ გოგი წერეთელსა და ესმა ონიანის დას, ექიმ–ოფთალმოლოგს, ქალბატონ ირინე–ჟოზე ონიანს.
ქალბატონმა ირინემ სამხატვრო ხელოვნების სტუდიას ესმა ონიანის ალბომი, პოეტური კრებულები და აფიშები გადასცა.
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში სამხატვრო ხელოვნების სტუდია ესმა ონიანის გარდაცვალებიდან 15 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნება.