მრგვალი მაგიდა „ესმა ონიანი: შემოქმედი ათასწლეულების მიჯნაზე“
1999 წლის 31 იანვარს გარდაიცვალა ესმა ონიანი.
მას შემდეგ 15 წელიწადი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში თანამედროვეობის ამ ერთ–ერთი უთვალსაჩინოესი მხატვრისა და პოეტის შემოქმედება კიდევ უფრო ფართოდ გახდა ცნობილი. ეს წლები დაამშვენა ესმას ალბომის, ლექსებისა და ჩანაწერების არაერთმა გამოცემამ, გამოფენებმა...
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში იმ დღეს შეიკრიბნენ ესმა ონიანის შემოქმედების დამფასებელნი, მხატვრები, პოეტები, მეცნიერები, ნაცნობ–მეგობრები, ნათესავები... უნივერსიტეტის რექტორმა ისინი უდიდეს შემოქმედზე სასაუბროდ მიიწვია და შეკრიბა. შესავალი სიტყვა თავად ბრძანა, სიყვარულით, ღრმა ანალიზით, როგორც ყოველთვის, სხვათაგან განსხვავებული ხედვით გამსჭვალული სიტყვა:
„ესმა ონიანის შემოქმედება ერთდროულად და ერთბაშად მოიცავს თანაბარი ძლევამოსილების, უშეღავათოდ თვითმყობად სამ იპოსტასს – ფერწერას, პოეზიას და ფილოსოფიას. იგი არსად გვევლინება ოდენ პოეტად, რომელიც ასევე ფერებით წერს, ან ფილოსოფოსად, რომელიც ლექსებსაც ქმნის, ან ფერმწერად, რომელიც ასევე დიდი ფილოსოფოსია. ესმას უნიკალური მემკვიდრეობა – დროსა და სივრცეში თამამად, მონუმენტურად წამომართული შემოქმედება შექმნილია იმგვარად, რომ არსად არ ირღვევა მისი შემოქმედების სამერთიანობა და თითოეული იპოსტასისათვის კმარი ავტონომია. ჩვენს წინაშეა ესმა ონიანი – მხატვარი, ესმა ონიანი – პოეტი და ესმა ონიანი – ფილოსოფოსი!“
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ ცნობილი მხატვარი, გრაფიკოსი, ბატონი გოგი წერეთელი, ხელოვნებათმცოდნე, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ბატონი გოგი ხოშტარია, პოეტი და საზოგადო მოღვაწე ემზარ კვიტაიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ალეკო ციბაძე, ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ტელერადიოწამყვანი, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ივანე ჯაფარიძე, პოეტი ნატა ვარადა, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან (ნუგეშა) მესხი.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმა და სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა ესმას დამ, ცნობილმა ექიმმა–ოფთალმოლოგმა, ქალბატონმა ირინე (ჟოზე) ონიანმა.
მრგვალი მაგიდის ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი და მისი სამხატვრო ხელოვნების სტუდია გახლდათ, რომელიც ესმა ონიანის სახელს ატარებს.