ისრაელის დამოუკიდებლობის 71–ე წლისთავი
30 მაისს ისრაელის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ისრაელის დამოუკიდებლობის 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება, რომელსაც მასპინძლობდა ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი შაბთაი ცური და მისი მეუღლე. ღონისძიების ოფიციალური სტუმრები გახლდნენ: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი, მინისტრები, პარლამენტის წევრები, საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რაბინები და სხვა საპატიო სტუმრები, მათ შორის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი, ქალბატონი ირინე ბიბილეიშვილი.
სტუმრებს მიესალმნენ: ბატონი შაბთაი ცური, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებას გააცნო პრემიერ მინისტრის, ბატონი მამუკა ბახტაძის ოფიციალური მისალოცი წერილი.
„ისრაელის მიწა აღთქმული მიწაა ებრაელებისთვის. უძველესი წინასწარმეტყველებები ახლა სრულდება - ისრაელის ხალხმა ხანგრძლივი დევნილობის შემდეგ თავი მოიყარა აღთქმულ მიწაზე, ააშენა სიონი, ააყვავა უკვდავი დედაქალაქი იერუსალიმი. ჩვენ საუკუნოვანი ოცნების ასრულების მომსწრენი ვართ და ამას საერთაშორისო თანადგომის გარეშე ვერ მოვახერხებდით. ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და გაფასებთ თქვენ“, - განაცხადა ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა, შაბთაი ცურმა დასკვნით სამადლობელო სიტყვაში.
ღონისძიება კონცერტით დასრულდა – ეს გახლდათ ქართველი და ებრაელი ხელოვანების მუსიკალური მისალოცი ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი.