ახალი სასწავლო წელი დაიწყო
2011 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში 2011/2012 სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული საპატიო და ოფიციალური სტუმრები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები.
სტუდენტებს გულთბილად მიესალმა რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი, საპატრიარქოს წმ. დავით აღმაშენებლის სახ. სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელი_მეუფე იოანე. მან დალოცა დამსრენი და წარმატებები უსურვა მათ. მილოცვას შეუერთდა გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის ეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის ისტორია, მისია, დევიზი, მისწრაფებები და სამომავლო გეგმები.უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა თავის მოხსენებაში აღნიშნა: „სულიერისა და აკადემიურის ერთობის ინსტიტუციონალიზაციამ თავისი ადგილი უნდა დაიჭიროს საზოგადოებაში და სახელმწიფოში. ეს ნაკარნახევია ეკლესიისა და საგანმანათლებლო–მეცნიერული დაწესებულებების ერთიანი მიზნებით: შეიტანოს ხალხში განათლება, დააყენოს მეცნიერება ჭეშმარიტების სამსახურში, ემსახუროს ღმერთს, სამშობლოსა და ერს“.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: განათლების ხარისხის განყოფილების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ნინო წერეთელი, აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე და ჰუმანიტარული და სახელოვნებო აკადემიის ვიცე პრეზიდენტი გოგი ჩახუნაშვილი. თითოეულმა მათგანმა გულითადად მიულოცა საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება და სტუდენტებს წარმატებები უსურვეს.
სწავლის დაწყების ოფიციალური ნაწილის დასასრულს გაიმართა ვახშამი და სტუდენტებმა პროფესორ–მასწავლებლებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.