აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი სასიკეთო წვლილისათვის

საქართველოდან ასულ  ებრაელთა ასოციაციამ – „ნერგი“, რომელიც ისრაელში საქმიანობს,  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი სასიკეთო წვლილისათვის სამადლობელი სიგელით დააჯილოვა. მამა ადამს ჯილდო გადასცა კულტურის დამსახურებულმა მოღვაწემ,  საქართველოს ღირსების ორდენის  და „ქორეოგრაფიის რაინდის“  ორდენების კავალერმა, ისრაელში ქართული კულტურის დიდმა ამაგდარმა, ბატონმა შოთა წვენიაშვილმა.

სიგელი

* * *

მ ა მ ა    ა დ ა მ ი ს    ს ა მ ა დ ლ ო ბ ე ლ ი    წ ე რ ი ლ ი 

ბატონო შოთა! 

ნება მომეცით უღრმესი მადლობა მოგახსენოთ ჩემი დაჯილდოებისთვის. 

განსაკუთრებული პატივია, რომ ეს სიგელი გადმომეცა ისრაელში ამოსულ ქართველ ებრაელთა ასოციაცია "ნერგის" სახელით და მას ხელს აწერთ თქვენ – დამსახურებული ხელოვანი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდი.

ქართველ ქართველთა და ქართველ ებრაელთა ძმობის ფესვები კაცობრიობის ისტორიის აკვნიდან იღებს სათავეს. ამ უნიკალურ ურთიერთობას არა მარტო გაფრთხილება და განვითარება სჭირდება, არამედ ყოველმხრივი შესწავლა და კვლევაც, რომლის შედეგების მნიშვნელობაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, შეუფასებელი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა სახელმწიფოთა, ხალხთა და ერთა შორის ურთიერთობათა სივრცეებში არსებული პრობლემების დასაძლევად. 

ბატონო შოთა, ჩვენთვის დიდი პატივი და სიხარულია, გთვლიდეთ თქვენ წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის მეგობრად, რომლის კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის და ისრაელში ასული ქართელი ებრაელობისთვის.

გისურვებთ პირად ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, წარმატებებს, ხოლო ასოციაცია „ნერგს“ – გამორჩეული წვლილის შეტანას საქართველოსა და ისრაელს შორის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის გადაუდებელ და უმნიშვნელოვანეს საქმეში.

უღრმესი პატივისცემით
მამა ადამი
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის
უნივერსიტეტის რექტორი,
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
4 ნოემბერი, 2019 წელი

Created by Joomla.ge