აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ებრაელ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა 
დელეგაციის სტუმრობა თამარიუნში

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ქართველ ებრაელ მეცნიერთა და  საზოგადო მოღვაწეთა დელეგაცია ისრაელიდან და აშშ-დან. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა და მასში მონაწილეობა  მიიღეს არა მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა, არამედ ქართველმა მწერლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, ჟურნალისტებმა, საპატიო სტუმრებმა, მათ შორის ებრაული თემის წარმომადგენლებმა.

შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა. იგი მიესალმა სტუმრებს და ვრცლად ისაუბრა ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიაზე, აწმყოსა და პერსპექტივებზე სახელმწიფოებრივ, ინტერრელიგიურ, სამეცნიერო და კულტურათშორისი კომუნიკაციის ჭრილში. 

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: შალვა წიწუაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,  ისრაელში საქართველოს ებრაელთა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი;  ჯამლეტ ხუხაშვილი - სპორტული კომენტატორი, ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე;  ნანა შაბათაშვილი (დავარი) – პოეტი, პუბლიცისტი; ისააკ (ირაკლი) კრიხელი – აშშ- ში მოღვაწე  თეოლოგი, მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი;  გივი ღამბაშიძე  პროფესორი, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი; პაატა იოსებაშვილი – ისრაელში მოღვაწე არქიტექტორი და ბიზნესმენი; რობერტ ადარი (აჯიაშვილი) – პოეტი; ირინე ბიბილეიშვილი – უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი. 

შეხვედრას უნივერსიტეტში დაარსებულმა შიმონ პერესის სახელობის აუდიტორიამ  უმასპინძლა, რომელიც 2016 წლის 27 ოქტომბერს  საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და  მაშინვე იქნა გაცხადებული,  რომ ეს სივრცე იქნება არა მხოლოდ სტუდენტთა სწავლა-განათლების კიდევ ერთი კერა, არამედ ქართულ-ებრაული ურთიერთობების,  მკვლევართა და კულტურის მოღვაწეთა შეხვედრების, საღამოების, მრგვალი მაგიდების, ლექციების, შემოქმედებითი საღამოების, სამეცნიერო კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების საერთაშორისო სივრცეც.

ღონისძიების დასასრულს მამა ადამმა დელეგაციის წევრებს საჩუქრად გადასცა წიგნები: საკუთარი ლექსების კრებული. „ქართული ალმანახის“  – სამეცნიერო, ლიტერატურული, ფილოსოფიური და ხელოვნებათმცოდნეობითი გამოცემის პირველი ნომერი. 

პროფესორმა შალვა წიწუაშვილმა და პაატა იოსებაშვილმა შიმონ პერესის აუდიტორიასა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცეს ახლახანს გამოცემული „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია“. 

ოსკარ შინდლერის აკადემიის რექტორმა, მაქს შავიტმა უნივერსიტეტის რექტორი დაასაჩუქრა შიმონ პერესის ბიუსტით, რომელიც  „სტუდია მაქს შავიტშია“ შექმნილი.

Created by Joomla.ge