განახლებულ პროექტ „დებიუტში“ თამარიუნი პირველად მონაწილეობს
სტუდენტთა ლიტერატურულ–პუბლიცისტური კრებული „დებიუტი“ 2016 წლიდან გამოდის. წელს პირველად გამოცხადდა საკონკურსო ნომინაციები „წლის საუკეთესო დებიუტანტი“ პოეზიაში, პროზაში, პუბლიცისტიკასა და თარგმანში და გაიცა ფულადი პრიზები.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ქეთევან დუმბაძე და მწერალი ნინო სადღობელაშვილი.
პროექტის დამფუძნებელი და ავტორია ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი სალომე კაპანაძე. კრებული გამოიცა თბილისის მერიის დაფინანსებით. პროექტის წლევანდელი პარტნიორია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს თამარ მეფის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: ფსიქოლოგიის პროგრამის მე–4 კურსის სტუდენტმა მარიამ ჩალიგავამ და ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო სტუდიის სტუდენტებმა საბა ალექსიძემ და მანანა ბრეგვაძემ.
გაგაცნობთ პროექტის გამრჯვებულებს. წლის საუკეთესო დებიუტანტებად ჟიურის წევრებმა აღიარეს: პოეზიაში – ანა ვარშანიძე (ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი), პროზაში – ივდითი კვიტია (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პუბლიცისტიკაში – ქეთი გახოკია (ილიას უნივერსიტეტი), თარგმანში – ანა ზაქრაძე (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი).
მამა ადამმა თავისი წიგნებით დაასაჩუქრა სხვა დებიუტანტებიც, მათ შორის გვანცა კალანდაძე, მარიამ კვაჭაძე, მამისა ქარჩავა, მარიამ ჩალიგავა, რევაზ ცინცაძე, მარიამ გურასპაშვილი.
დებიუტანტების ნაწარმოებები წაიკითხეს კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობებმა მაკა შალიკაშვილმა და ვახტანგ ახალაძემ.
ვემშვიდობებით დებიუტ–2020-ს და ველით დებიუტ–2021-ს!
დიდ წარმატებებს ვუსურვებთ ყველა დებიუტელს შემოქმედებით გზაზე!