„იგი ჰგავს დილას“
დამდეგი შობა-ახალწლის მოლოდინში ჩვენი უნივერსიტეტის ლიტერატურულმა სალონმა „მირკანმა“ 2019 წლის ბოლო პარასკევ დღეს, 27 დეკემბერს უმასპინძლა მამა ადამის ლიტერატურულ-მუსიკალურ პერფორმანსს „იგი ჰგავს დილას“.
პერფორმანსის დაწყების წინ მოწვეულ სტუმრებსა და მრავალრიცხოვან მაყურებელს მიესალმაპროფესორი გია სულაბერიძე. გამომსვლელმა მოკლედ მიმოიხილა მამა ადამის როგორც ლიტერატურული, ასევე მთელი მრავალმრივი მოღვაწეობა და ყურადება გაამახვილა მისეული საავტორო ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსების თავისებურებებსა და კულტურულ ღირებულებაზე.
საღამოში მონაწილეობა მიიღო მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა.
გაჟღერდა ახალი ლექსები: „სიზიფე“, „ლაზარეს ძაღლები“, „ვენახის ბოლოს“, „ქარაშოტი რომ ისევ ამოვარდება“, „შეხვედრა ფიროსმანთან ფირენცეს ცაში“, „ტ 20 CA“, „ენდროსფერი ჭიშკრის ამბავი“...
მამა ადამის ლექსი პოეზიის კოსმოსის ნაწილია. აკი თავად ამბობს:
ეს ჭიდილია კაცობრიობის,
არსებობს ვიდრე!
ეს ცხოვრებაა,
სუნთქვა არის და გულისცემა,
ერთადერთი თავისუფლება,
მიუღწეველი ბედნიერება
და მიღწეული ბედნიერების გაელვებათა
სიმწირე წამთა...
ესა ჰგავს ამოკს,
მზეს თაკარას მზის წნულში ჩაწნულს,
ვან გოგის ტანჯვას,
რუსთველივით გადახვეწას ამ სოფლისგან დასალიერში,
კიდევ ხანძარს ჰგავს,
რომელშიაც იფერფლება
ქვეყნიერება,
რომ ისევ აღდგეს ფენიქსივით;
იგი ჰგავს დილას –
მზით დაწყებას მარადისობის!