წარდგინება წიგნისა
„ბიოეთიკა: გენეზისი, არსი, მერმისის“
2012 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის, არქიმანდრიტ ადამის მონოგრაფიის „ბიოეთიკა: გენეზისი, არსი, მერმისის“ წარდგინება.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სასულიერო პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები და ექსპერტები, უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
წიგნს წამძღვარებული აქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყვები: „ჩვენ არა გვაქვს უფლება თანამედროვე ცივილიზაციის ყველა უბედურების საწყისად მეცნიერება დავსახოთ. ადამიანი უბრალოდ სულიერად მოუმზადებელი შეხვდა მეცნიერულ აღმოჩენებს. პიროვნების სულიერი განვითარების პროცესი მეტად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს და რადგან ერთი მეორეს არ განაპირობებს, დაირღვა წონასწორობა; ამან კი წარმოშვა საშიშროება და ჩვენს წინაშე დააყენა მრავალი გადაუჭრელი პრობლემა“.
მამა ადამის მონოგრაფია კონრად ადენაუერის სახე–ლობის ფონდის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით გამოიცა. „მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოში არქიმანდრიტ ადამისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერული ანალიზის გაძლიერებას ბიოეთიკაში. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი დღეს 21-ე საუკუნის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებითაა გაჯერებული. ამიტომაც მისი ბიოეთიკური ასპექტები წარმოადგენს ფართო განხილვის საგანს რელიგიურ საზოგადოებებში, მეცნიერულ და აკადემიურ წრეებში“, - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ჯანან ათილგანმა.
საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ: სპეცია–ლურად ამ დღესთან დაკავშირებით სამუშაო ვიზიტით ჩამოსული უკრაინელი კოლეგა, დეკანოზი გენადი ბატენკო – მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჯანდაცვისა და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, ექიმი–კომბუსტიოლოგი; ქალბატონი ანასტასია ზაქარიაძე– ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ქალბატონი დინარა კასრაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის მორფოლოგიისა და პათოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; ქალბატონი ნინო ვეფხვაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი; ბატონი გურამ კიკნაძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს წევრი; მამა გაბრიელ ბრაგანტინი – ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენელი; ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ბატონი ემზარ კვიტაიშვილი.
პრეზენტაცია დაამშვენეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა გუნდისა და საოპერო მომღერალ სოფია ხარაზის გამოსვლებმა.