აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მხატვარ მიხეილ და ცისანა ჯანაშვილების გამოფენაზე

27 ოქტომბერს უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ ოფიციალური მიწვევით მონაწილეობა მიიღო მხატვარ მიხეილ და ცისანა ჯანაშვილების ნამუშევრების გამოფენის გახსნაში, რომელიც დავით ბააზოვის სახელობის ქართველ ებრაელთა ისტორიის მუზეუმში შედგა. ღონისძიებაზე უნივერსიტეტის სახელით მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა. მან მადლობა გადაუხადა ქალბატონ ცისანა ჯანაშვილს მიპატიჟებისა და ესოდენ საინტერესო გამოფენის მოწყობისათვის. ამასთან, მამა ადამმა ისაუბრა ქართულ-ებრაული ურთიერთობების აქტუალობისა და სამომავლო პერსპერქივების შესახებ. უნივერსიტეტის პროფესორმა, ირინე ონიანმა ქართველ ებრაელთა ისტორიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა ესმა ონიანის ნამუშევრების საიუბილეო გამოცემა და თავის სიტყვაში მოიგონა რამდენიმე ეპიზოდი ესმას შემოქმედებითი ცხოვრებიდან, რომელიც ეხებოდა მხატვრისა და მისი ებრაელი მეგობარი მხატვრების ურთიერთობებს. 

ღონისძიების მასპინძელი და წამყვანი გახლდათ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი და ქართველ ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორი ბატონი გივი ღამბაშიძე.

ცისანა ჯანაშვილი 30 წელზე მეტია უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი გამოჩენილი მხატვრის, მიხეილ ჯანაშვილისა და ნადია ასიტაშვილის შვილია. 

„ამჟამად თავად ვესტუმრე დიდი ხნის უნახავ თბილისს. მე  მშობლებისგან დამყვა ბავშვობის ქალაქის, თბილისის განუზომელი სიყვარული და თაყვანისცემა“, - თქვა ქალბატონა ცისანამ. იგი 300-ზე მეტი ნამუშევრის ავტორია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილი 30-ზე მეტი გამოფენის მონაწილე. 

Created by Joomla.ge