მრგვალი მაგიდა: შიმონ პერესი, გზა მომავლისკენ
27 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა თანამედროვეობის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსის, ისრაელის მეცხრე პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის შიმონ პერესის ხსოვნისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა “შიმონ პერესი. გზა მომავლისკენ.”
ღონისძიებას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი.
მრგვალი მაგიდის საპატიო სტუმარი გახლდათ ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი შაბთაი ცური.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ თბილისის დიდი სინაგოგის რაბინები – რახამინ მურდუხაშვილი, ბენციონ ისრაელაშვილი, მეირ კოზლოვსკი; ქართულ-ებრაული თემის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ისრაელიდან ჩამოსული საპატიო სტუმრები, პოლიტიკოსები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.
მამა ადამი მიესალმა დამსწრეთ და მადლობა მოახსენა გამოჩენილი გულისხმიერებისა და ინტერესისათვის. თავის სიტყვაში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ახლა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვიწყებთ შიმონ პერესის ცხოვრების შესწავლას. ეს კი დიდ კვლევასა და ღრმა მეცნიერულ–ფილოსოფიურ ანალიზს მოითხოვს. მამა ადამმა დამსწრეთ შეახსენა რამდენიმე მომენტი დიდი პოლიტიკოსის ცხოვრებიდან, მის მიერ გამოჩენილი სიბრძნის, გამჭრიახობის, თავდადებისა და თავმდაბლობის მაგალითები. გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა მომავალ თაობებს უკეთ გავაცნოთ იმგვარი გამორჩეული მოაზროვნე, დიდი პატრიოტი, დაუცხრომელი მოღვაწე როგორიც შიმონ პერესია, მისი ფილოსოფია და სწავლებანი. ამასთან, რექტორმა ისაუბრა რამდენიმე ინიციატივის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს და დიდი საქმეების საწინადრი იქნება სამომავლოდ: თანამშრომლობა ისრაელის უნივერსიტეტებთან, ბიბლიოთეკებთან, არქივებთან, ფონდებთან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.
უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურის ხელმძვანელმა, ირინე ბიბილეიშვილმა წარმოადგინა წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტისა და საინფორმაციო ჰოლდინგ „ფოსტალიონის“ ერთობლივი პროექტი, რუბრიკა:“ორ მიწაზე დარწეული აკვანი“, რომელშიც გაშუქდება ქართულ-ებრაული ურთერთობების წარსული და აწმყო - რათა უკეთესი იყოს მომავალი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ - თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი, რახამინ მურდუხაშვილი; საპატიო თბილისელი, ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე, ღირსებისა და პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერი და ყველასათვის საყვარელი სპორტული კომენტატორი, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა უნივერსიტეტის რექტორსა და მიულოცა ბატონ შაბთაი ცურს, რომ მისი მოწვევა საქართველოში სრულუფლებიან ელჩად დაიწყო ქართულ–ებრაული ურთიერთობის იმგვარი მაჟორით, როგორიცაა შიმონ პერესის სახელის უკვდავყოფა. საზოგადოებას მიესალმა ბატონი მერაბ ჩანჩალაშვილი – დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე, პროფესორი ზაირა დავარაშვილი, მარინა ბუზიკიშვილი.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა გაიხსენა პოლიტიკოსთან პირადად შეხვედრის ამბავი და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შიმონ პერესის პიროვნულ თვისებებსა და იმას, თუ როგორ აფასებდა ქართველებთან ურთიერთობას.
„დღევანდელმა ფაქტმა, რაც თამარ მეფის უნივერსიტეტში მოხდა, ჩვენს წინ გადაშალა ფართო პერსპექტივები იმისა, რომ ეს ურთიერთობა სხვადასხვა ჰორიზონტებით გაიშალოს. ფაქტი, რომ დღეს ამ უნივერსიტეტში გაიხსნა მსოფლიო პოლიტიკის რაინდის, დიდი ვეტერანის, გამოცდილი ჰუმანისტისა და უბრწყინვალესი პატრიოტი ადამიანის – შიმონ პერესის კაბინეტი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა 21-ე საუკუნეში ბევრის მომტანი იქნება. ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნების ისტორიას, სჭირდება ჩვენს მომავალ თაობებს, მსოფლიო ხალხებს. ეს სჭირდებათ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიების წარმომადგენლებს, რათა დაინახონ, რომ შეიძლება სხვადასხვა ეროვნების ხალხმა იცხოვროს მეგობრულად, ურთიერთპატივისცემით, სიყვარულით”- განაცხადა კლუბ „26“-ის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაირა დავარაშვილმა.
მრგვალი მაგიდის დასასრულს, მამა ადამმა ხელი მოაწერა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თბილისის საკრებულოსადმი მიწერილ საინიციატივო მიმართვას, თბილისის რომელიმე ქუჩას დაერქვას შიმონ პერესის სახელი.