აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

„სანამ დღეს, აქ და ახლა პოეზიის ჟამია“

    2013 წლის 26 დეკემბერს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიანმა დარბაზმა საზოგადოებისათვის არქიმანდრიტ ადამის (ვახტანგ ახალაძის) წიგნის „40 ლექსის“ წარდგინებას უმასპინძლა.

  

     ჩვენს წინაშეა პოეტის მეორე კრებული. მამა ადამის პოეზიაზე ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ. იგი ქვეყნდება ლიტერატურულ გამოცემებში, სწრაფად გავრცელდა ინტერნეტ–სივრცეშიც, ითარგმნა, შეიძინა აურაცხელი თაყვანისმცემელი. ამავე დროს მამა ადამი თავისი ლიტერატურული ტექსტების საფუძველზე ქმნის ლიტერატურულ–მუსიკალურ პერფორმანსებს. ამ მიზნით იგი თანამშრომლობს ქართულ თეატრებთან, ცნობილ მუსიკოსებთან – ნანა ავალიშვილთან, ვალერიან შიუკაშვილთან, ნანა დიმიტრიადთან, ეროვნულ სიმებიან კვარტეტთან, მსახიობებთან – მაკა შალიკაშვილთან, ვახტანგ ახალაძესთან და სხვებთან.

     მამა ადამის პოეზიის ენობრივი და სტილისტური ანალიზი გააცნო დამსწრეთ თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორმა ქალბატონმა ლეილა გეგუჩაძემ. სიტყვით გამოვიდა წიგნის რედაქტორი, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ემზარ კვიტაიშვილი.

     პრეზენტაცია დაამშვენა არაჩვეულებრივმა მუსიკამ ნანა ავალიშვილის, ქეთევან არსენიშვილისა და ია მაისურაძის შესრულებით.

     საღამოს ესწრებოდნენ: მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), იღუმენია თამარი (ბაიდოშვილი), პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი, მრავალი სასულიერო პირი, ქართული საზოგადოებრიობის ცნობილი წარმომადგენლები...

     „მამა ადამის პოეზია მისი უმდიდრესი სულიერი სამყაროს ანარეკლია. აქ იკვეთება პოეტის გამორჩეული, უპირველესი თვისებაც. ეს გახლავთ ბახის მუსიკასავით მთავარი სათქმელისაკენ თანდათანობითი, გაძლიერებული სწრაფვა, ლინეარული მდინარება, როცა სხვადასხვა ნაკადები ერთ წერტილში იყრის თავს. პოეტის ძალზე თამამ, უჩვეულო ხილვებს ასეთ დროს სტანდარტული ან ტრაფარეტული საზომებით ვერ მიუდგები“ (ემზარ კვიტაიშვილი).

     მის ლექსებში შეინიშნება რიტმის მკვეთრი, მოულოდნელი ცვლა, კონტრაპუნქტური მდინარება, რაც მღელვარების ეფექტს ქმნის და ავტორის შინაგანი ბუნებიდან იღებს სათავეს. უმრავლეს შემთხვევაში მოზღვავებული სათქმელი თავად ირგებს კალაპოტს და შესაფერ საზომსაც, რათა აღვლენილი ვედრება სამყაროს გასაგონად გაისმას.

     წიგნის წინასიტყვაობაში ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე დავით წერედიანი ბრძანებს: „როცა ღვთისმსახური ლექსებს წერს და აქვეყნებს, ვითარება, ერთი შეხედვით მაინც, რამდენადმე პრობლემურია. საერო პროფესიის კაცს ყოველთვის შეუძლია ცოტა ხნით სრულიად მიივიწყოს თავისი საქმიანობა და უკანმიუხედავად მიეცეს მხატვრულ სიტყვიერებას... მაგრამ ღვთისმსახურის საქმიანობა მხოლოდ პროფესია არ არის, იგი ამავე დროს შინაგანი მდგომარეობაა და, თუ მისი პოეზია ოდენ საეკლესიო გალობანი და დიდებანი არ არის, სად გადის ის თემატური თუ ინტონაციური ზღვარი, რომელსაც მისი შემოქმედება ვერ გადალახავს... ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, პრობლემის არსი მინდა წარმოვაჩინო, რომელიც ნამდვილად არსებობს, და კიდევ იმიტომ, რომ მიუხედავად განსაკუთრებული ჩაკვირვებისა, არავითარი ხელოვნურად დადებული ზღვარი აქ არსად შემინიშნავს“.

Created by Joomla.ge