აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 ენა, მამული, სარწმუნოება

 აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ჩატარდა წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „ენა, მამული, სარწმუნოება“. საღამოს უძღვებოდა არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე).

ილია მართლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა ბატონმა თამაზ ტყემალაძემ. კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა შეასრულა ვარიაციები რევაზ ლაღიძის სიმღერის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ და სხვა მუსიკალურ თემებზე. პროფესორმა მარინე ტურავამ საზოგადოებას წარუდგინა ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიისა და პრემია „საგურამოს“ ლაურეატის პოეტ გენო კალანდიას კრებული “საგალობლები უფლისთვის“. ამ კრებულიდან ლექსები წაიკითხა დიმიტრი ჯაიანმა. თბილისის კონსერვატორიის პროფესორმა რევაზ თავაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო თბილისის პიანისტთა მე–6 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული 16 წლის გიორგი გიგაშვილი, რომელმაც შეასრულა ფერენც ლისტის „სამგლოვიარო სვლა“ ციკლიდან „პოეტური და რელიგიური ჰარმონიები“. 

 

 

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ: მწერალი მაკა ჯოხაძე, ცნობილი მეცნიერი არნოლდ გეგეჭკორი, ბატონი თემურ შაშიაშვილი.

დასასრულ სიტყვა ისევ მამა ადამმა აიღო: „როდესაც ჩვენ ილია ჭავჭავაძის სახელს წარმოვთქვამთ, უმალ წინ ილიას სახე კი არა, საქართველო წარმოგვიდგება. დღეს ჩვენს ამ უდიდეს პატრონსა და მწყემსს რომ მივაგებთ პატივს, არც მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ, არც მხოლოდ აწმყოზე და არც მხოლოდ მომავალზე. ჩვენ, ქართულ მიწაზე აღმოცენებულნი და ქართული წყლით ნასაზრდოებნი, დროის ამ განზომილებათა შორის აგებულ ხიდებზე ვცდილობთ, ვიდგეთ და ავმაღლდეთ ილიასეულ სიყვარულამდე.“    

 

Created by Joomla.ge