ნატო-საქართველოს ურთიერთობანი და საუნივერსიტეტო სივრცე
ჩვენს უნივერსიტეტს ეწვივნენ სამხრეთ კავკასიაში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი როზარია პუგლისი და ამავე ოფისის პოლიტიკური ოფიცერი ელზბიეტა ბეჟიუკი. შეხვედრა გახსნა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ.
მამა ადამის წინადადებით დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი სამშობლოსათვის თავდადებული სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო ღირსების ორდენის კავალერის არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.
თავის სიტყვაში რექტორმა ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში საზოგადოების და, განსაკუთრებით, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტი ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყმის მომავლისათვის.
ქალბატონმა როზარია პუგლისმა ლექცია მიუძღვნა ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა: ნატოს მისია მსოფლიოში და მისი აქტივობები, ნატოს სტრუქტურა და მისი ორგანიზაციული გაფართოების პერსპექტივები, ნატო-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, ნატოსკენ სწრაფვის გააზრების თავისებურებანი საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორების, საზოგადოების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, სტუდენტი ახალგაზრდობის მიერ.
ლექციის შემდეგ სტუმარმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.