საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სასწავლო უნივერსიტეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა საპატრიარქოში დღეს გამართულ შეხვედრაზე საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სასწავლებლისათვის საგანმანათლებლო სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცეს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა და წმიდა თამარ მეფის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.
დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ავტორიზაციის ახალ პირობებში საპატრიარქოს თამარ მეფის უნივერსიტეტმა ერთ–ერთმა პირველთაგანმა მიიღო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს, რამდენად მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის და რა უმნიშვნელოვანესი როლი უკავია საპატრიარქოს უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებს განათლების სისტემაში.
თავის მხრივ, წმიდა თამარ მეფის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა განაცხადა, რომ სასწავლებელი ექვსი წელია რაც არსებობს, გასული წლის ბოლოს კი, განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიანიჭა. უნივერსიტეტის რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტს გამოცხადებული აქვს სტუდენტთა მიღება ხუთ საბაკალავრო და ოთხ სამაგისტრო პროგრამაზე. არქიმანდრიტმა ადამმა ახალგაზრდებს მოუწოდა, სასწავლებლად თამარ მეფის უნივერსიტეტში მოვიდნენ, სადაც არა მარტო სულიერ–ზნეობრივ მამულიშვილებად აღიზრდებიან, არამედ საუკეთესო პროფესიონალებადაც ჩამოყალიბდებიან.