აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

2018 წლის 25 დეკემბერს სრულდება

ჩვენი პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 41 წლისთავი


ვულოცავთ სრულიად საქართველოს

 

მრავალჟამიერ, დიდო მეუფეო, უწმიდესო და უნეტარესო პატრიარქო ყოველთა ქართველთაო!!!

უძველესი ტრადიციის მიხედვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრება ანუ ინტრონიზაცია ხდება მცხეთის სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში.

იმ კურთხეულ დღეს საქართველოს თავზე დატეხილი უამრავი განსაცდელის მნახველი ეს ტაძარი სავსე იყო ხალხით.

იყო იმედი დაცემულის, დაკნინებულის, დაღარიბებულის აღდგენისა.

ათოვდა ზამთრის ბაღებს ...

ქარი აჭრიალებდა მიტოვებული საყდრის კარებს ...

სუსხი და ნისლი, ფეთქვას უნელებდა ძარღვებს ...

და მაინც ...

აქ და იქ, ლიხს აქეთ და იქით, უბრალო ოდა-სახლის კუთხეში და მთის სალოცავში ინთებოდა თაფლის სანთელი ამ სიცივეში და კიაფობდა ზეთის კანდელი ამ სიბნელეში ...

ჩურჩულით ნათქვამი ლოცვა სითბოდ იღვრებოდა და გზასაც ასევე უჩუმრად მიიკვლევდა ღრუბლებისაკენ.

ახლა ეს სითბო ერთბაშად გაბევრებულიყო და ამ ქრისტეშობისთვეში ისე ემძლავრა, რომ მზის სხივად ქცეულიყო და საალერსოდ ათინათდებოდა აქაც და იქაც, კაცის გულშიც და მოხუც ხევშიც, წმინდა ხატზეც და ამ უძველეს საპატრიარქო ტახტზეც...

საქართველოში ქრისტეს შობითგან 1977 წელი იწურებოდა.

ქრისტეშობისთვის ოცდამეხუთე დღეს უჩვენებდა კალენდრის ბოლო ფურცელთაგანი.

ათი დღის შემდეგ – 1978 წლის 4 იანვარს – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ზუსტად ორმოცდახუთი წელი უსრულდებოდა.

გრძელდებოდა საკუთარი თავის შეწირვისა და უფლის მსახურების გზა და იწყებოდა კიდევ უფრო მძიმე გზა ერის სულიერი მამობისა...

ტახტზე ავიდა პატრიარქი, რომლის ზეციური მფარველი ილია წინასწარმეტყველია. ეს მოხდა წმინდა სპირიდონ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს. მისი მფარველობის ქვეშ, წმინდანისა, რომელსაც ეკლესია ასე უღაღადებს: გიხაროდენ, რამეთუ მიემსგავსე დიდსა წინასწარმეტყველსა ილიას. ამაშიც იყო რაღაც იმედისმომცემი, მისტიური და იდუმალი.

 იმ დღეს პატრიარქმა განაცხადა:

„ჩემო საყვარელნო შვილებო, დებო და ძმებო, საყვარელო სამწყსოვ სრულიად საქართველოისა!

მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმიდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.

მე თავს ვიხრი ქართველი ხალხის წინაშე.

ახსოვს ჩვენს მცხეთას, სატახტო ქალაქს და სვეტიცხოველს, ქრისტეს პერანგი რომ ჩაიხუტა თავის გულში სამარადისოდ. 

იყო მიწისძვრები, წყალდიდობა, ნიაღვრები და ყველა ამ ულევ ქარცეცხლსა და ორომტრიალში ერთად იყვნენ, არ შორდებოდნენ ერთმანეთს ქართველი ხალხი, ქრისტეს სჯული, სასოება და სიყვარული“.

Created by Joomla.ge