აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ესმა ონიანის გამოფენაზე

     2013 წლის 24 ოქტომბერს თიბისი არტ გალერეაში შედგა ესმა ონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო.

     ღონისძიების თანაორგანიზატორი გახლდათ წმიდა თამარ მეფის უნივერსიტეტი.

     თიბისი არტ გალერეაში შეიკრიბნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები, ესმა ონიანის ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების სხვა თაყვანისმცემლები.

     შეკრებილთ მიესალმენ გამოფენის კურატორი და არტგალერეის თანამშრომელი, ქალბატონი მაია ქაჯაია, უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და მხატვრის და ქალბატონი ირინე (ჟოზე) ონიანი. მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენეს ქალბატონი ესმა, ისაუბრეს მისი შემოქმედებისა და განუმეორებელი ნიჭის, სამყაროს მისეული აღქმის თავისებურებებზე.

     ესმა ონიანის ფერწერული ტილოების ფონზე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ირაკლი გაფრინდაშვილმა, ლევან იასეშვილმა, ანა გაჩეჩილაძემ, ნანა ჭოლარიამ, გვანცა შავაძემ (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკ.), ელენე ხოსიტაშვილმა (სოციალურ მეცნიერებათა ფაკ.) წაიკითხეს პოეტის ლექსები.

     დასასრულ, მამა ადამმა საზოგადოებას გააცნო გადაწყვეტილება თამარ მეფის უნივერსიტეტში სამხატვრო ხელოვნების სტუდიის დაარსებისა და მისთვის ესმა ონიანის სახელობის მინიჭების შესახებ; ამის შემდეგ კი წაიკითხა ქალბატონ ესმასადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი „პარასკევისფერ სპექტაკლზე ესმა ონიანის სამხატვრო სტუდიაში“.

     საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი უდიდესი ქართველი პოეტისა და მხატვარი ქალის ესმა ონიანის პერსონალური გამოფენა თიბისი არტგალერეაში 2013 წლის 27 ივნისს გაიხსნა. ქალბატონი ესმას უბრწყინვალესი შემოქმედების თაყვანისმცემელთ რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა დამტკბარიყვნენ მისი განუმეორებელი ფერწერით.

     დიდი მადლობა თიბისი არტგალერეას ამ უმნიშვნელოვანესი ეროვნული პროექტის განხორციელებისათვის!

Created by Joomla.ge