რელიგიური ფასეულობების ასახვა განათლების სფეროში
ხუთშაბათს, 24 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევების საერთაშორისო ცენტრის გამგეობის გამსვლელი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, სასულიერო პირები, მეცნიერები, საზოგადოების წარმომადგენლები.
დღის წესრიგში ერთი საკითხი იდგა: განათლების სფეროში რელიგიური ფასეულობების ასახვის პრობლემა ქართულ-გერმანული სიმპოზიუმის (ქ. ვენა, 2018 წლის 22-26 ნოემბერი) „განათლება: ვინ არის პასუხისმგებელი?“ - მასალების მიხედვით.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა ჭიათურისა და საცხერის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა დანიელმა (დათუაშვილმა). „განათლების ერთ–ერთი უმთავრესი ამოცანაა პიროვნებაში სახელმწიფო აზროვნების ჩამოყალიბება. საკაცობრიო მნიშვნელობის ღირებულებებთან ერთად ყოველი ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ფასეულობებს ეფუძნება. სეკულარული სახელმწიფო არ ნიშნავს სეკულარულ საზოგადოებას. ჭეშმარიტი სეკულარიზმი სასულიერო და საერო სფეროების ინსტიტუციური მოწესრიგების მისიას ასრულებს და ქმნის ჯანსაღ ნიადაგს ამ სფეროებს შორის ჰარმონიული თანამშრომლობისათვის, ანუ სინერგიისათვის. მე–20 საუკუნეში ქრისტიანული ტრადიციის მქონე ქვეყნებში თავი იჩინა ფსევდოსეკულარიზმმა. ეს ცრუ სწავლება მსოფლმხედველობრივი ნეიტრალიტეტის ეგიდით დევნის რელიგიურ ფასეულობებს საჯარო სივრციდან და უპირველესად, განათლების სისტემიდან. ნეიტრალური ფასეულობითი სივრცის დასამკვიდრებლად რადიკალური სეკულარიზმი მოითხოვს მეცნიერების გამიჯვნას რელიგიური ფასეულობებისგან. რელიგიურობისაგან გამიჯნული მეცნიერება თავად არის მოქცეული მატერიალისტური მსოფლმხედველობის საზღვრებში და ბუნებრივია ვერ უზრუნველყოფს განათლების სისტემაში ფასეულობით ნეიტრალურობას. ფსევდოსეკულარიზმის მცდარი შეხედულება საფუძვლად დაედო ქრისტიანულ ქვეყნებში სახელმწიფო განათლების სისტემას. შექმნილი ვითარება ეწინააღმდეგება კლასიკური დემოკრატიის პრინციპებს, რადგან ეს უკანასკნელი საზოგადოების ყველა წევრის, მათ შორის ქრისტიანთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის ინსტიტუციურ და რეალურ გარანტიებს გულისხმობს“, აღნიშნა მეუფე დანიელმა.
სიმპოზიუმის მონაწილეთა მოხსენებების ძირითადი შინაარსი და მნიშვნელოვანი დებულებები საზოგადოებას წარუდგინეს პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ და ქრისტიანული კვლევების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ალექსანდრე დაუშვილმა.