აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შეხვედრა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძესთან

     2013 წლის 23 დეკემბერს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთან, ცნობილ ქართველ მეცნიერთან, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელნი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, აგრეთვე, მოწვეული სტუმრები.
     შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა. მან ისაუბრა ქალბატონი ეთერის მაღალ პიროვნულ ღირსებებზე, ზნეობრივ ღირებულებებზე, პედაგოგიურ და სამეცნიერო ღვაწლზე, იმ დიდ დამსახურებებზე, რაც ქალბატონმა ეთერს მიუძღვის უნივერსიტეტის ფარმაციისა და ტრადიციული მედიცინის ფაკულტეტის დაფუძნებასა და განვითარებაში.
     დამსწრე საზოგადოებას წარედგინა მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც მოთხრობილი იყო ქალბატონი ეთერის პედაგოგიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული მოღვაწეობის, საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში აღიარებების შესახებ, ასევე მის ღვაწლზე და მიღწევებზე მცენარეული და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევისა და სამკურნალო პრეპარატების შექმნაში.

     ქალბატონი ეთერ ქემერტელიძის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს მეცნიერის უმცროსმა კოლეგებმა და მისმა აღზრდილებმა, რომლებიც ახლა ითვლებიან დარგის წამყვან სპეციალისტებად და მკვლევარებად: ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორმა ლია წიკლაურმა; ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა - მაია მერლანმა (ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი) და ქეთევან შალაშვილმა ( ფარმაციის დოქტორი), ფარმაციის დოქტორმა, მარიამ ბენიძემ.
     დასასრულ, ქალბატონმა ეთერმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს, განსაკუთრებით კი არქიმანდრიტ ადამს მისი ღვაწლის ასე ლამაზად წარმოჩინებისათვის.

 

Created by Joomla.ge