იცხაკ დავითი თამარ მეფის უნივერსიტეტში
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ვაშინგტონში მოღვაწე ქართველი ებრაელი მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, პოლიტოლოგი, აკადემიკოსი იცხაკ დავითი. მასთან ერთად უნივერსიტეტს სტუმრობდნენ: მოსე ბოროდა – გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მეცნიერი, მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და პუბლიცისტი, ბატონი იაკობ ოფირი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მასპინძლებს, უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმა ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი და წიგნები გადასცა სტუმარს.
შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა გახსნა. იგი მიესალმა საპატიო სტუმრებს და ისაუბრა ქართულ-ებრაული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო და კროსკულტურულ კონტექსტებზე. მამა ადამმა დამსწრეთ შეახსენა ბატონ იცხაკ დავითის ბიოგრაფიის საინტერესო ფაქტები, ისაუბრა მისი მოღვაწეობისა და შემოქმედების მნიშვნელობის შესახებ.
სტუმარმა შიმონ პერესის სახელობის აუდიტორიაში თამარ მეფის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „მსოფლიო ახალ იდეოლოგიურ პრიზმაში. შეიძლება თუ არა გვქონდეს უნივერსალური მსოფლმხედველობა?“.
ბატონი იცხაკ დავითი ლექციის მსვლელობისას შეეხო თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ და იდეოლოგიურ კრიზისულ სიტუაციას, ისრაელიზმისა და იუდაიზმის შედარებით დახასიათებას, ქართველთა და ებრაელთა შორეულ ისტორიულ – ბიბლიურ და ბიბლიამდელ ფესვებს, იმგვარი მოძღვრების არსებობის შესაძლებლობებსა და აუცილებლობას, რომელსაც კრიზისიდან გამოსვლის მოდელის შემოთავაზება ძალუძს.
ლექცია დისკუსიით დასრულდა, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ბატონმა იცხაკ დავითმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
იცხაკ დავითის შესახებ
დაიბადა თბილისში. 1964 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სემიტოლოგიის განხრით, არაბულის სპეციალიზაციით.
1967-1968 წლებში თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე კითხულობს სპეცკურსს არაბულ ენაში.
1968 წელს მუშაობა დაიწყო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, 1969 წლიდან ამ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენათა სექტორის გამგეა.
1972 წელს ოჯახთან ერთად ავიდა ისრაელში. ჩაება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და სამეცნიერო კვლევით მუშაობაში. მისი ინიციატივით თელ-ავივში დაარსდა ბორის გაპონოვის სახელობის ქართველოლოგიის კომიტეტი, შემდეგში – ისრაელის კავკასიოლოგიური ცენტრი. 1973-1974 წლებში იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში კითხულობს სპეცკურსს კავკასიისმცოდნეობასა და ქართულ ენაში.
1974-1975 და 1976-1977 წლებში ჯერ თელ-ავივის, შემდეგ იერუსალიმის უნივერსიტეტებში მუშაობს საქართველოს ებრაელთა ისტორიაზე და 1976-1982 წლებში აქვეყნებს მონოგრაფიას ქართულ ენაზე.
1982 - 1992 წლებში რუსულ ენაზე აქვეყნებს "ებრაელთა ისტორიას კავკასიაში". გამოდის ლექციებითა და მოხსენებებით ინგლისის, აშშ-ის, რუსეთის, კავკასიის, შუა აზიის, იტალიის, ესპანეთის, ტაილანდის, ავსტრალიის, იაპონიის უნივერსიტეტებში.
1983-1992 წლებში მმართველი პარტიის "ხერუთის" სარეპატრიაციო სექტორის უფროსია, შემდგომ – მთავრობის მეთაურის იცხაკ შამირის მრჩეველი. ამის შემდეგ ცხოვრობს აშშ–ში.
მუშაობს პროზაში, პოეზიაში, ესეისტიკაში.
1996 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად.
ბატონი იცხაკი ქართულის და ებრაულის გარდა სრულყოფილად 18 ენას.
1999 წლის მარტში იცხაკ დავიდს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.