იწყება პროექტ PAGEL-ის ახალი ეტაპი
24 სექტემბერს იწყება პირველი სასწავლო კვირა პროექტ PAGEL-ის (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) ფარგლებში, რომელიც გულისხმობს პარტნიორობას ჯანდაცვის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. იგი ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერიტეტის მიერ ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტსა (გერმანია) და საქართველოს კარიტასთან ერთად.
დღეს 2018წლის 23 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია პროექტ PAGEL- ში (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) მონაწილენი: ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის (გერმანია) დელეგაცია: პროექტის ხელმძღვანელი, ფრაიბურგის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი კორნელია კრიშელდორფი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი ჰაუკე შუმანი და ჭრილობის მართვის სპეციალისტი, პროფესორი ფალკ გოედეკე, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის საექთნო სპეციალობის მაგისტრანტები ელენა ვინგერატი და იური ბოკლერი.
პროექტი ოთხ სასწავლო წელს მოიცავს და ითვალისწინებს მულტიპლიკატორთა კვალიფიკაციას საექთნო სფეროში. კვალიფიკაციის მიზანია მონაწილეების კომპეტენციის ამაღლება და განვითარება პაციენტის მოვლისა და გერონტოლოგიურ-გერიატრიულ სფეროში. პროექტი მხარდაჭერილია გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის (DAAD) მიერ.
შემოთავაზებული მოდულების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა (EBP) და ინტერდისციპლინურობა. მოდულების ძირითადი სამიზნეებია: 1.მულტიმორბიდულობა, როგორც ინტერდისციპლინური გამოწვევა (გერიატრიული შეფასება/საერთო მზრუნველობა); 2. კინესთეტიკა; 3. ჭრილობის მენეჯმენტი (EBP); 4. დემენცია (S3-გაიდლაინი).
პირველი სასემინარო კვირა დაგეგმილია ამა წლის 24-28 სექტემბერს.