აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

რეპორტაჟები თამარიუნიდან. 

მიმოიხედე 

შემოდგომაა. ფოოლცვენას ებრძვიან თბილისელი მეეზოვეები. ყვავილების ბაზარი ხილისას ეჯიბრება და ფერების ნომინაციაში აშკარად სჯაბნის. ფოთოლცვენა თავის პიკისკენ, როგორც ოცნებისკენ, მიდის ჯიუტად, სიშიშვლისადმი ერთგულებით, სირუხიდან ამოვარდნილი ქარებისა და აწითლებულ ფოთოლთა სიყვითლის თანხლებით.

აქ, ჩვენი უნივერსიტეტის მყუდრო ეზოსა და შუქით სავსე ოთახებში, გრძელ დერეფნებსა და ჭორიკანა ფანჯრების რაფებზე თავს იწონებენ შემოდგომის ყვავილები... 

 

1. გალაკტიონი

...და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

შემოდგომის ყვავილებს
დიდებასთან მივიტან,
ერთი შორი ოცნება
მახსოვს ძველ მოტივიდან.
ვარდები არ არიან,
მაგრამ რა მევარდება?
სულო, რა გემართება?
გულო, რა მოგივიდა?   

 

შემოდგომის ყვავილები

საღამო, მახსოვს, სწუხდა ქარივით,
ამ ხმაში იყო ფარული დარდი.
დაფნა და ვარდი მოჰქონდა ქალებს,
შემოდგომების დაფნა და ვარდი.

მე კიდევ წავალ. მე კიდევ ვივლი,
გათენებამდე უნდა ვიბრძოლო,
არა ერთი მსურს ვპოვო ყვავილი
და დამჭკნარები გადავისროლო.

*    *    *    *

 

2. ემზარ კვიტაიშვილი

შემოდგომის ყვავილთა სხვაგვარი მაქვს რიდი,
სანაგვეში ფოთლებსაც არასოდეს ვყრიდი.

ლურჯი, წითელ–ყვითელი, მკვეთრი და ხასხასა...
თუკი დააკვირდები, სხვა ფერი აქვს ცასაც.

თოვლს შეშურდეს, რა სითეთრეც ქრიზანთემებს დასთრევს,
რა ლაჟვარდიც, სხივებგაშლილს, აფენია ასტრებს.

რამდენს მიეგებები მზეს მომთენთავს თუ ქარს,
სად გაჰყვები ბილიკებს, მთვარის დანაშუქარს.

 


3. მამა ადამი

მე იმთავითვე შევიყვარე ყვავილეთი 
და არც ვმალე ეს სიყვარული, გამოვაჭენე. 
აკი ბალღმა უკეთ იცის სოფლის ამბავი,  
და ახლა გული ჩემი შეყვარებული,
როგორც თერთმეტი საუკუნის წინ, ვერ ეტევა ამ საგულეში
და მთელი ქვეყნის გასაგონად დაიგუგუნებს,
მასთან ერთად - მთელი ორკესტრი - 
უთვალავი გვირგვინ-ფურცელი, ბუტკო, მტვრიანა:
-გახსოვდეს, ერთი ქრიზანთემა, იასამნის ერთი მტევანი, 
თითოეული ვარდი, იაც მთელი ყვავილეთია!
და თუ ზურგს აქცევ ლურჯ ღიღილოს,
ან შროშანებს, თუნდ ანწლის ყვავილს,
მობრუნებული ვეღარ მიაგნებ ყვავილეთში
შესასვლელ კარებს.
გაიტაცებენ ზაფხულის ღამით სოფლის ქარები
შენი წარსულის მინდვრებიდან 
სიყვარულის მაცნე გვირილებს,
მერე ტიტები გაქრებიან დედისათვის ძარღვით შეკრულ
თაიგულიდან, 
მიმოზები და სისხლისფერი ბალბებიც კი აორთქლდებიან 
ძველი სახლის შუშაბანდიდან, 
სათოვლიები დადნებიან უსიყვარულოდ, ბეგონიებიც,
ხოლო ზამბახნი მწუხარებისგან 
სისხლგაყინულ წყალს გაჰყვებიან...
რაღა დაგრჩება?
უყვავილებო წუთისოფელი... 

 

Created by Joomla.ge