აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 პროფესორ დავით ყოლბაიას საჯარო ლექცია უნივერსიტეტში

21 ოქტომბერს უნივერსიტეტის სენატის დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია. ლექციის თემა გახლდათ „გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევების მნიშვნელობა თანამედროვე ქართველოლოგიური მეცნიერებისათვის“. პროფესორმა დამსწრეთ ასევე წარუდგინა გრიგოლ ფერაძის თხზულებათა გამოცემები პოლონურ და ქართულ ენებზე და ალბომი „პოლონეთის რესპუბლიკის ფრთებქვეშ“, რომელიც ქართული ემიგრაციის ისტორიას ეძღვნება პოლონეთში. 

დავით ყოლბაიას ბიოგრაფია

დაიბადა 1965 წელს. სწავლობდა ზუგდიდში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ამჟამად მოღვაწეობს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტზე. 

1991 წელს დააარსა ვარშავაში ქართველოლოგიური ჟურნალი „Pro Georgia“, სადაც იბეჭდება მასალები პოლონურ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ჟურნალი გამოდის ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის  აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის ეგიდით.

1996 წელს ნაშრომისათვის „კათოლიკე მისიონერები საქართველოში და მათი ცნობები საქართველოს შესახებ“ მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მისი ძალისხმევით 2002 წლიდან იმართება წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. ქართველოლოგიური სემინარის წიაღში მოქმედებს გრიგოლ ფერაძის მემკვიდრეობის შემსწავლელი სამეცნიერო ჯგუფი. 2010 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია.

დავით ყოლბაია კითხულობს ლექციებს ლოძისა და ვარშავის უნივერსიტეტებში. ფლობს ინგლისურ, პოლონურ, რუსულ, ძველბერძნულ და ლათინურ ენებს. აქვეყნებს ენათმეცნიერულ, ლიტერათურათმცოდნეობით, ეთნოლოგიურ, ისტორიულ ნაშრომებს. მისმა სამეცნიერო საქმიანობამ შეუწყო ხელი ქართველოლოგიის განვითარებას, ქართული ენისა და მწერლობის, გამორჩეულად ქართული ეკლესიის ისტორიის შესწავლას. მან შემოიკრიბა პოლონეთსა და ევროპაში მოღვაწე ქართველოლოგები. მისი თაოსნობით დაარსდა საქართველოსა და პოლონეთის მეგობრობის საზოგადოება. აღდგა ვარშავის ქართული კლუბი.

პოლონურად თარგმნა „მოქცევაი ქართლისაი“ (შენიშვნებითა და კომენტარებით), „გალობანი სინანულისანი“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“, ჯუანშერის „ვახტანგ მეფის ცხოვრება“. 

გამორჩეული ყურაღდებით ეკიდება ქართულ-პოლონურ ისტორიულ ურთიერთობებს. 2008 წელს სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა ქართველ იუნკერთა ისტორიას პოლონეთის არმიის სამსახურში 1922-1944 წლებში. 

ვარშავაში ქართულ ენაზე გამოსცა ადამ მიცკევიჩის „პან თადეოზი ანუ უკანასკნელი თავდასხმა ლიტვაში. აზნაურთა ამბავი 1811-1812 წლებში. 12 წიგნად და ლექსად თქმული“ (პოლონურიდან თარგმნა ვიტალი უგრეხელიძემ; ტექსტი დედანთან შეადარა, ბოლოთქმა დაურთო და გამოსაცემად მოამზადა დ. ყოლბაიამ). ასევე ქართულად გამოსცა გრიგოლ ფერაძის თხზულებათა კრებულის ორი ტომი. 

დაჯილდოებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის მედლით, ღირსების ორდენით; არის გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.

Created by Joomla.ge