ესმა ონიანის ხსოვნის საღამო „მუზის“ დარბაზში
21 ივნისს, პარასკევ დღეს, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზის“ დარბაზში გაიმართა ესმა ონიანის ხსოვნის საღამო, რომელსაც პოეტი ერეკლე საღლიანი უძღვებოდა.
ესმას პოეზიაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ვრცელი სიტყვით მიმართა მამა ადამმა (ვახტანგ ახალაძემ), რომლის წინასიტყვაობაც ახლავს გამომცემლობა „საუნჯის“ მიერ (გამომცემელი ბ-ნი ვაჟა წოწკოლაური) ახლახანს დაბეჭდილ ესმა ონიანის წიგნს „შენ, უმაღლესო“ (რედაქტორი ნინო სადღობელაშვილი). ამ წინასიტყვაობაში შევიდა მამა ადამის ესმა ონიანისადმი მიძღვნილი ლექსიც „პარასკევისფერ სპექტაკლზე ესმა ონიანის სამხატვრო სტუდიაში“. თავის გამოსვლაში კი მამა ადამმა ესმას ერთი ლექსი წაიკითხა – „ბრიყვს ტაძარში არ უშვებდნენ, შეუშვეს და ისე გათამამდა, ხატებს ფურთხება დაუწყოო“, ციკლიდან „დანახული ანდაზები“.
თავის სილამაზითა და სიბრძნით გალაღებულ სიტყვაში მამა ადამმა ასე ბრძანა: „[ესმა ონიანის] ლექსები დაყურსულია უფრო ნოუმენებით, ვიდრე ფენომენებით, უფრო პარადოქსულობით, ვიდრე ორთოდოქსულობით, უფრო სიურპრიზებით, ვიდრე პროგნოზირებადით...
ამიტომაც ვიდრე გაუშინაურდები და ვიდრე მოიშინაურებ, უცხო ხარ! მერე – ყველაფერი იცვლება! დადიხარ ესმას ლექსების წიგნით მისი ლექსების შიგნით, უყურებ მაგიდაზე გადაშლილს, ფურცლავ თუ კითხულობ, გრძნობ როგორ ივსება შენი, პოეზიისათვის რომ გაქვს გამოყოფილი, ის სივრცე ესმას პოეტური სტრიქონებით; თუ ეს სივრცე კომუნალურ ბინასავით ვიწროა და არაინტიმური, ან იტალიურ ეზოსავით მოურიდებელი, ან იზოლირებული საცხოვრებელივით კარჩაკეტილი, ან ყველაზე თანამედროვე აგარაკივით მაღალგალავანშემოვლებული, ამ სტრიქონებს სული ეხუთებათ და გაფრინდებიან, რადგან მათი სამყოფელი ქარის საუფლოა.
ამ საუფლოში – ქართული პოეტური სიტყვის სამყაროში ესმამ ბარტყებად ჩამოსხა და არა ფარშევანგებად ნაძვების სიკვდილიანი სიმწვანე, მაღლა მხრჩოლავი თეთრ გახშირება, სტუმრის თავი – შავი ქრიზანთემა, ხანჯალი ბაგეებღია ჩაჭედილ ღარით, თბილი ხველა ხორცის ამოთქმით, ფხვნილიანი დაპრესილი მოკვდინება, სიყვარულის მარყუჟებით მოქანავე ხორხების შეხრა, ჩასკვნილ ყვითლების, შავების და მელნისფერად ჩახუთული ხავერდის ქორო...
სხვაგან – უფრო ტრადიციული პოეტური სახეებით მეტყველებს და ყველგან ერთგულია ერთგულების, სიგულწრფელის, ჭეშმარიტების, სიყვარულის, დანახულის...“