სტუდენტური ცხოვრება და სასწავლო პროცესის გამოწვევები COVID-19-ის პანდემიის პირობებში
სტუდენტთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში 17 ნოემბერს დღის 14:00 საათზე სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია - „სტუდენტური ცხოვრება და სასწავლო პროცესის გამოწვევები COVID-19-ის პანდემიის პირობებში“.
სტუდენტთა მსოფლიო დღე ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის პირობებში საგანგებო ვითარებაში აღინიშნება. მსოფლიო მასშტაბით გადაიდო ახალგაზრდული, სპორტული, კულტურული აქტივობები. მსოფლიო კოორდინირებულად მუშაობს, რათა ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი სასწავლო-სამეცნიერო და შემეცნებით პროცესებს გეგმავს და ახორციელებს რეალობიდან გამომდინარე, არსებული მაღალი რისკების გათვალისწინებით.
კონფერენციაზე უნივერსიტეტის დეკანი ქალბატონი ბელა სარია სტუდენტებს ესაუბრა უნივერსიტეტში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბმისად სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული, და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისთვის დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა, ბატონმა გრიგოლ სულაბერიძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ონლაინ ან შერეული სწავლების პირობებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მხარდაჭერის პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.
სტუდენტებთან მიმართებაში, ტექნიკური თვალსაზრისით, არსებობს 2 სახის გამოწვევა: შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის არქონა და შეზღუდული ინტერნეტკავშირი. შერეული სწავლება არაა ონლაინ და ტრადიციული კურსების მარტივი ჯამი. შერეული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისათვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა თუ რამდენად ეფექტურია ტრადიციული და ონლაინ სწავლების ინტეგრაცია (რა თანაფარდობაც არ უნდა იყოს მათ შორის) პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად.
დღეს არსებული გამოწვევების დაძლევა და სწავლების მოქნილი ფორმების განვითარება ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს, - ბატონმა გრიგოლმა შესთავაზა სტუდენტებს უსდ-ს მიერ პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა.
ონლაინკონფერენცია გამოირჩეოდა სტუდენტთა მაღალი აქტივობით. კონფერენციის მონაწილეები საუბრობდნენ იმ გამოწვევების შესახებ, რომლებმაც თავი იჩინა ახალ პირობებში. ყურადღება გამახვილდა სასწავლო ლიტერატურის, ონლაინრესურსების მართვისა და გამოყენების პროცესში არსებულ სირთულეებზე.
კონფეენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება გააქტიურდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საქმიანობა ელექტრონული თუ სხვა ტიპის სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
უნივერსიტეტის სტუდენტებმა მადლიერება გამოხატეს უნივერსიტეტის რექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, არქიმანდრიტ ადამ ახალაძისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ მათი თავდადებული, დაუღალავი და მაღალპროფესიული საქმიანობის გამო.
ახალგაზრდებმა გამოთქვეს მზაობა, სოლიდარულნი იყვნენ მსოფლიოს პროგრესული, თავისუფლებისმოყვარე ძალებისა, სოლიდარულნი იყვნენ ყველა იმ ადამიანისა და ჯგუფისა, რომელთაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ.