არქიმანდრიტი ადამი არჩეულია IRCEF-ის კლიმატის დაცვის კომიტეტის წევრად
30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე უკარაინაში, კარპატისპირეთის ოლქის სინევირის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაიმართა ეკოლოგიური ფორუმი-სამუშაო შეხვედრა გერმანიის ბუნების დაცვის კავშირის (NABU) პროექტის ფარგლებში „რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ალიანსი კლიმატის დასაცავად აღმოსავლეთ ევროპაში“.
თამარ მეფის უნივერსიტეტი რამდენიმე წელია თანამშრომლობს IRCEF-თან. ეს გახლავთ აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო რელიგიური და საზოგადოებრივი ბუნების დაცვის ფორუმი, რომლის უპირველესი მიზანი კლიმატის დაცვის საქმეში არის მოსახლეობის თანმიმდევრული ინფორმირება აღნიშნული პრობლემის თაობაზე ეკლესიის, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი (არასამთავრობო) სექტორის თანამშრომლობით.
ფორუმზე გადაწყდა, რომ აუცილებელია IRCEF-ის შიგნით შეიქმნას კლიმატის დაცვის კომიტეტი, შემუშავდეს კომიტეტის პროგრამა და განისაზღვროს მისი ამოცანები და ფუნქციები.
ფორუმმა IRCEF-ის კლიმატის დაცვის კომიტეტის წევრად დაამტკიცა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე).