აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 69  
და 
საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური 
ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი

2 მაისს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ შაბთი ცურისა და მისი მეუღლის, ქალბატონი ლეა ცურის ოფიციალური მიწვევით უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი ირინე ბიბილეიშვილი მიწვეულნი გახლდნენ ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებულ  მიღებაზე, რომელიც გაიმართა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ–კულტურულ ცენტრში. 

ღონისძიება მიეძღვნა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 69  და საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს და მოიცავდა ოფიციალურ ნაწილს – საპატიო სტუმრების მიღებას, მისალმებებსა და დასკვნით კონცერტს.  საზეიმო საღამოს  მასპინძლობდნენ  ისრაელის სახელმწიფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი შაბთაი ცური და კონსული ბატონი ადელ ინო  მეუღლეებთან ერთად.

კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.  ისრაელისა და საქართველოს ჰიმნების შესრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

„ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის 25 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით განმტკიცდა. ისრაელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო. წელს ჩვენ ამ მნიშვნელოვან თარიღს ვზეიმობთ....პირადად მე, საქართველოში დაბადებულ ადამიანს მეორედ მომეცა საშუალება, ელჩის რანგში ვემსახურო ორ ქვეყანას. ამდენად, ძალისხმევას არ დავიშურებ კიდევ უფრო გავაძლიერო კავშირები, მხარდაჭერა საერთშორისო დონეზე და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელო,“ – განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა. 

კონცერტზე გაჟღერდა ფ. მენდელსონის, ჯ. ვერდის, ჯ. გერშვინის, ჯ. უილიამსის, ლ. ბერნსტაინის და სხვათა ნაწარმოებები.

ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიური საბჭო, ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები გულითადად ულოცავენ საქართველოსა და ისრაელის ყველა მოქალაქეს ამ დიდ საზეიმო თარიღებს!

ღმერთმა დალოცოს ქართველი და ებრაელი ხალხების ძმობა და მეგობრობა!

Created by Joomla.ge