2011 წლის 2 მარტს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პრეზენტაცია: „უნივერსიტეტი - იდეა და დღევანდელობის გამოწვევები“.
აღნიშნულ პრეზენტაციას საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის, სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ცნობილი მსახიობი და პოეტი გიორგი ზანგური უძღვებოდა. წარმოდგენილი იყო წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის დაარსებისა და განვითარების მოკლე ისტორია.
უნივერსიტეტს ეს დღე პირადად მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და საზოგადოების, ქვეყნისა და მისი საგანმანათლებლო და მეცნიერული სივრცისათვის ამ უნივერსიტეტის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ვაშაძემ, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, თანამედროვეობის დიდმა პოეტმა და მოაზროვნემ ემზარ კვიტაიშვილმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, ცნობილმა რეჟისორმა, პროფესორმა ლილი იოსელიანმა.
უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ–მასწავლებლებსა და სტუდენტებს უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლოკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა–კურთხევა გადასცა რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა, საპატრიარქოს წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარემ მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მეუფე იოანემ (გამრეკელი).
პრეზენტაციას, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარების გამო, ვერ ესწრებოდნენ ბერი დავითი (ჭაბუა ამირეჯიბი) და ბატონი ელგუჯა ბერძენიშვილი, რომელთაც თავისი გულთბილი და სიყვარულით სავსე მილოცვები წერილობით გადმოსცეს უნივერსიტეტს.
საზეიმო განწყობას მილოცვებითა და კეთილი სურვილებით თურქეთში მცხოვრები ქართველებიც შემოუერთდნენ. მათი მისალმება საზოგადოებას გააცნო პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა.
დაფუძნდა წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მხარდამჭერთა და მეგობართა საზოგადოება და საზოგადოების დარბაზი.
პრეზენტაციის მუსიკალური პროგრამა წარმოდგენილი იყო საფორტეპიანო მუსიკით, რომელსაც ასრულებდა ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი. საღამო აღინიშნა ღირსშესანიშნავი მოვლენით საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში – პირველად შესრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ოპერის უვერტიურა.დასასრულს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე მობრძანების, გულთბილი მილოცვებისა და კეთილი სურვილებისათვის. წარმოადგინა უნივერსიტეტის კონცეფციის ძირითადი დებულებანი და დევიზი: „წარსულისა და მომავლის ერთგულება აწმყოში “.