შეხვედრა მწერალთა საერთაშორისო გილდიის წარმომადგენლებთან
18 ივნისს დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში ჩატარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის, ისრაელის სახელმწიფოს დაარსების 70 წლისა და ებრაელთა საქართველოში ყოფის 2600-წლოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი საღამო.
საღამოს ორგანიზატორები იყვნენ: მწერალთა საერთაშორისო გილდია (გერმანია; ხელმძღვანელი ლადა ბაუმგარტენი; წარმომადგენელი საქართველოში მწერალი, კომპოზიტორი და მუსიკათმცოდნე, დოქტორი მოსე ბოროდა) და საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი.
ღონისძიებაზე მიწვეულნი გახლდნენ თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი ირინე ბიბილეიშვილი.
მამა ადამი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა კროსკულტურული ურთიერთობებზე, ლიტერატურის როლზე სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების საქმეში, წაიკითხა საკუთარი ლექსები.
ჩამოსულ სტუმრებს მიესალმა აგრეთვე ქ-ნი ირინა ბიბილეიშვილი, ისაუბრა ქართულ–ებრაული ურთიერთობის თემაზე და დამსწრეთ წაუკითხა საკუთარი ლექსი.
საღამო მხატვრულად დაამშვენა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სიმღერების საავტორო შესრულებამ და მოსე ბოროდას მუსიკალურმა კომპოზიციებმა.