აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 პოეზიის დედოფალი ანა კალანდაძე - 90

     “სანთელი ჩემი მაინც წმინდა და მშვიდად იწვის, კანდელი ჩემი არც ზღვა მობერვით ქრება! "
ანა კალანდაძე,  1994 წელი.

     „1946წლის 25მაისი დიდი თარიღია ქართული ლიტერატურის ცხოვრებაში. მწერალთა სასახლეში 22წლის ქალიშვილმა ანა კალანდაძემ თავისი ლექსების რვეული წაგვიკითხა მსმენელებით სავსე დარბაზში. ამ დღიდან იწყება ქართული ლირიკის აღორძინება... მისი ლექსები უფრო რელიგიურ ჰიმნებს ჰგავს, ვიდრე პირად ლირიკულ აღსარებას....“ წერდა გერონტი ქიქოძე.

         2014 წლის  17 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით, რუსთაველის თეატრშიქართული პოეზიის დედოფლად წოდებული  პოეტ  ანა კალანდაძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.    

     ღონისძიების დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის,  უწმიდესი და უნეტსარესი  ილია მეორის მისალმების და საკუთარი  მოგონების ტექსტები წაიკითხა  საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის  სახელობის  სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ვახტანგ ახალაძემ).

      „ასე ვფიქრობ, ჩვენ, ქართველებმა, 1946 წლის 25 მაისი – მწერალთა სასახლეში მარტო კი არა, საერთოდ მწერლობაში, გამოჩენა, მადლიანი შემობიჯება ანა კალანდაძისა – ისტორიულ დღედ უნდა ჩავთვალოთ და წელიწადნახევარში ამ თარიღის 70 წლისთავიც საზეიმოდ უნდა აღვნიშნოთ. აკი ღვთის განგებამ მაშინ, ომისა და სხვა კიდევ ათასი უბედურების ჭრილობებმოუშუშებელი ქვეყნის შვილებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცა, დიახ, ღვთის საოცარი განგებულებით – წინა დღეს, ლექსით, ქართული სულის კიდევ ერთხელ აღორძინების დასაწყისით! და ამ მისიისთვის მან სრულიად ახალგაზრდა ქალი გამოარჩია, ოღონდაც სრულიად ახალი პოეტური მეტყველებით…ანა იმიტომაც მოგვევლინა დიდ პოეტად დიდ პოეტთა შორის და მათი თანდასწრებით, რომ ის სათქმელი, რომელიც მას ბედისწერამ განუსაზღვრა, ჩვენამდე მოეტანა, ანნამ შეძლო იმგვარად, ისეთი პოეტური სახეებით, ხერხებით, რიტმებით, რითმებით, ენით ეთქვა, რომ ამის გადმოთარგმანება ან მითუმეტეს ახსნა ყველაზე უფრო დახვეწილი და სიბრძნით დაყურსული ლექსმცოდნეობითი სტრიქონებითაც კი ფიასკოსთვისაა განწირული...“ აღნიშნა მამა ადამმა.

     საღამოზე, ანა კალანდაძის შემოქმედებას და მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები  თეატრის, კინოსა და ესტრადის მსახიობებმა შეასრულეს.

     ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტის ოჯახის წევრებიც, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

     საღამოზე ასევე გაიმართა ორი ახალი წიგნის პრეზენტაცია: „ანა" (ანას 500 რჩეული ლექსი) და „ანას" (ცნობილ ქართველ მეცნიერთა ლიტერატურული წერილები და მოგონებები ანას პოეზიის შესახებ).

Created by Joomla.ge