თამარიუნისა და „გულთა კავშირის“ საერთაშორისო პროექტები
თამარ მეფის უნივერსიტეტის საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის კურატორმა, ქალბატონმა ირინე ბიბილეიშვილმა, რომელიც ამავდროულად გახლავთ ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის - "გულთა კავშირის" თბილისის წარმომადგენლობის თანახელმძღვანელი, 16 ივნისს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ–ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გამართულ გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა ქართულ-ებრაული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო "გულთა კავშირსა" და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორული ურთიერთობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები.
„გულთა კავშირის“ გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ ორგანიზაციის პრეზიდენტი, ბატონი რობერტ ადარი (ისრაელი), რომელიც 2 დღის წინ ეწვია დედაქალაქს, თბილისის ორგანიზაციის ხელმძვანელი, ბატონი გივი ღამბაშიძე, ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბატონი მერაბ კვიცარიძე, ასევე ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
27 აპრილს ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „გულთა კავშირის“ თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „გულთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებებით.