აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

გარდაიცვალა თანამედროვეობის უდიდესი ქართველი მწერალი 
ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი

     პარასკევს, საეკლესიო კალენდრით – წარმავალი წლის გიორგობიოსთვის ბოლო პარასკევს, საერთოდაც, უკანასკნელ დღეს ქართული მწერლობის ბერმუხას ერთი შემორჩენილი იმისთანა ფოთოლი მოწყდა თავის რკოიან–ტოტიანად, რომ გულმა რეჩხი უყო ქართველებს, ემანდ სამშობლოს ულამაზეს პეიზაჟს რამე ზადად არ დააჩნდეს ეს ბედის გამეტებაო...

     გარდაიცვალა თანამედროვეობის უდიდესი ქართველი მწერალი ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი, სამონოზვნო წესით აღკვეცის შედეგად – ბერი დავითი.

     მამა დავითი – ბატონი ჭაბუა ჩვენი უნივერსიტეტის მეგობართა დარბაზის უხუცესი და უპირველესი წევრი გახლდათ. ამიტომაც ჩვენც უმეტეს ქართველთან ერთად თავს ჭირისუფალთა კოჰორტაში ვრაცხავთ და სამძიმარს ვეუბნებით რა განსვენებულის მეუღლესა და მისი ხვედრის თანამოზიარეს – ქალბატონ თამარ ჯავახიშვილსა და მრავალრიცხოვან ოჯახს, თავადაც სამძიმარსა ვართ შესასოებული...

      

     კვირას, 15 დეკემბერს უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა მამა ადამმა მწერლის საცხოვრებელ ბინაში გადაიხადა მამა დავითის – უთვალსაჩინოესი ქართველი მწერლის ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბის სულის საცხოვნებელი პანაშვიდი. ღმრთისმსახურებაზე გალობდნენ თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მგალობელ ქალთა ქართული გუნდი და შინდისის წმიდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის მონოზვნები.

     ჭაბუა ამირეჯიბი დაიბადა 1921 წლის 18 ნოემბერს. 1944 წელს, სტუდენტურ პოლიტიკურ გაერთიანება „თეთრ გიორგიში“ მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს და 25 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამჯერ გაიქცა პატიმრობიდან. 1959 წელს გაათავისუფლეს. 1960 წლიდან ეწეოდა სამწერლო მოღვაწეობას. ჭაბუა ამირეჯიბი ავტორია რომანებისა „გორა მბორგალი“, „გიორგი ბრწყინვალე“, მოთხრობათა კრებულებისა „გზა“, „ძია შოთას ბადია“ , არაკების კრებულისა „თაფლის წვეთი“, მის კალამს ეკუთვნის სცენარები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე. მისი შემოქმედების მწვერვალია რომანი "დათა თუთაშხია", რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა.

 

"პატივცემულო მამაო ადამ!

      ვამაყობ, რომ შესაძლებლობა მიბოძეთ წრფელი გულით მოგილოცოთ პირადად თქვენ და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის დაარსება.

     თავს უფლებას ვაძლევ დავლოცო უნივერსიტეტის მოძღვარ-პროფესორები და მოსწავლენი.

     თქვენი უნივერსიტეტი ასრულებს უაღრესად მნიშვნელოვან მისიას ქართველი ერისა და მისი მართლმადიდებლობის აწმყო-მომავლის განვითარების უზრუნველსაყოფად.

     ღმერთო, გაგვიმართე ხელი, რომ ერისა და სამშობლოს გადარჩენის სწორ გზას მივაგნოთ და განვახორციელოთ ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქის ყოველწუთიერი მიმართვა უფლისადმი ქართველი ერის გადარჩენისა, გამთლიანებისა და მომავალი არსებობის უზრუნველსაყოფად."

ბერი დავითი
(ერობაში – მზეჭაბუკ ამირეჯიბი)
თბილისი 07.01.2011

Created by Joomla.ge