“ქართული ალმანახის” პრეზენტაცია რადიოეთერში
15 ივლისს “ქართული ალმანახის” პრეზენტაცია საზოგადოებრივი რადიოს ეთერით საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს გადაცემაში “ხაზის რადიო” მიეძღვნა “ქართული ალმანახის” გამოსვლას. გადაცემაში მოწვეულ იქნენ “ქართული ალმანახის” მთავარი რედაქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე) და უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა წურწუმია. არქიმანდრიტი ადამი შეეხო “ქართული ალმანახის” გამოცემის აქტუალობას და მნიშვნელობას. მან ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე ცვალებად და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში, მნიშვნელოვანია მუდმივი ფასეულობების შენარჩუნება, ქრისტიანულ ღირებულებების დაცვა, რაც გულისხმობს ქართული, მრავალფეროვანი კულტურის სრულფასოვნად წარმოჩენას. ალმანახის რუბრიკებში - პროზა, პოეზია, თარგმანები, ლიტერატურისმცოდნეობა, ესსეები, მემუარისტიკა, ფილოსოფია, მეცნიერება, ხელოვნება წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი ავტორების ორიგინალური ნაშრომები და თარგმანები, მოცემულია მდიდარი ფაქტობრივი და ანალიტიკური მასალა, მეცნიერული კვლევები უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ. ალმანახის ერთ-ერთი დანიშნულებაა ქართული კულტურის საზღვარგარეთ გატანა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან კავშირების განმტკიცებაა. ალმანახი თავის წვლილს შეიტანს ქართული დიასპორის საქართველოში “ეთნოკულტურული რეემიგრაციის” საქმეში.