„ქართული ალმანახის“ პირველი ნომრის წარდგინება
15 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში შედგა უნივერსიტეტის მიერ დაარსებული „ქართული ალმანახის“ პირველი ნომრის წარდგინება. გაიმართება შეხვედრა სარედაქციო კოლეგიის წევრებსა და ავტორებთან – მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქართული საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა, მხატვრებმა, მუსიკოსებმა.
„ქართული ალმანახი“ გახლავთ სამეცნიერო, ლიტერატურული, ფილოსოფიური, ხელოვნებათმცოდნეობითი გამოცემა, რომლის მიზანია მკითხველს გააცნოს როგორც ქართული, ისე მსოფლიო აზროვნებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის აქამდე უცნობი ნიმუშები; მოიპოვოს და გამოამზეუროს არქივებში დაბუდებული საინტერესო დოკუმენტები, მემუარები, დღიურები, ხელნაწერები. აქ ქვეყნდება როგორც ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები, ასევე თარგმანები, ესსეები, მეცნიერული კვლევები.
ალმანახის პირველი ნომერი იხსნება შოთა რუსთაველის სერგო ქობულაძისეული პორტრეტითა და ილია ჭავჭავაძის სიტყვებით: „ჟურნალ-გაზეთობა ერთ-გვარი ნაწილი ლიტერატურისა... ზოგადი კუთვნილება ჭეშმარიტის ლიტერატურისა და არა იმ ცრუპენტელობისა, რომელიც ჩვენში ლიტერატურის სახელით დაიარება, გულწრფელობაა, უბოროტო განზრახვაა, სინიდისიანობაა, პირ-მოუფერლობაა და იმა გრძნობის და რწმენის გამომეტყველობაა, რომელიც სულსა და გულში ნამდვილად ჩაგსახვია, ნამდვილად გამოგკვანძია და შენის სულიერის ღონის შეძლებისამებრ გაგიზრდია, გაგიწურთვნია “.
ამავე ნომერში გამოქვეყნდა გოეთეს „ფაუსტისა“ და სემიუელ კოლრიჯის „მოხუცი მეზღვაურის სიმღერის“ თარგმანები, ჭაბუა ამირეჯიბის, ესმა ონიანის, თამაზ ჭილაძის, ემზარ კვიტაიშვილის, მამა ადამ ახალაძის, მანანა ჩიტიშვილის პროზაული და პოეტური ნაწარმოებები; ასევე წარმოდგენილია ლაურა გრიგოლაშვილის, თეიმურაზ დოიაშვილის, ნათია სიხარულიძის წერილები, თამაზ ჩხენკელის, რევაზ სირაძის, დავით წერედიანის ესსეები, მარტინ ჰაიდეგერის, ზბიგნევ ჰერბერტის, გურამ აბრამიშვილის, ნათელა აფხაიძის, ზაზა წურწუმიას, ინგა ღუტიძის სტატიები.
გამოცემას ამშვენებს საინტერესო რუბრიკები: „წიგნის მუზეუმი“, „მანუსკრიპტორიუმი (ხელნაწერთა კოლექცია)“, „Ars Musica”, “ლხინი მხატვრის სახელოსნოში“.
მთავარი რედაქტორია არქიმანდრიტი ადამ ახალაძე; სარედაქციო კოლეგიის წევრები – ემზარ კვიტაიშვილი, დავით წერედიანი, ბერნარ უტიე, ლეილა გეგუჩაძე; გამოცემაზე მუშაობდნენ: სტილისტ-რედაქტორი ელენე სარალიძე, მხატვარი გოგი წერეთელი, არტრედაქტორი ირაკლი ოქიტაშვილი. ალმანახი გამოსცა თამარ მეფის უნივერსიტეტმა და მიხეილ ახალაძის ფონდმა „მამაშვილობამ“. დაიბეჭდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით.