საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის
დელეგაციის ვიზიტი ფრაიბურგში (გერმანია)
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი, კანცლერი ნატო ასათიანი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი გრიგოლ(გია)სულაბერიძე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ჩართულობით, ერთობლივ გერმანულ-ქართული პროექტის „PAGEL“ ფარგლებში, სპეციალური მიწვევით იმყოფებოდნენ 2018წლის 11-15 ივნისს ფრაიბურგის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ,,Science in Motion” გამართულ ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ფრაიბურგის გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დოქტორ ედგარ კოზლერი და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, სოციალური გერონტოლოგიის დოქტორი, პროექტ „PAGEL”-ის ხელმძღვანელი, პროფესორი კორნელია კრიხელდორფი.
საერთაშორისო კვირეულზე წარმოდგენილი იყვნენ გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინდოეთის, იაპონის, ფინეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ისრაელის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ბოლივიის, მაროკოს,ნორვეგიის, კანადის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მეცნიერები.
ჩვენი უნივერსიტეტის დელეგაციას უშუალოდ მასპინძლობდა ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის საექთნო საქმის გამოყენებითი სპეციალობების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ანა კელნერი და ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჰაუკე შუმანი.