საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის დღევანდელი
ღონისძიება ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 70 წლისთავს ეძღვნება
ორი წლის წინ შიმონ პერესის გარდაცვალებიდან 30-ე დღეს აქ, თბილისში, ჩვენს უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორია. ამ მოვლენით უნივერსიტეტმა დროს გაუსწრო – შეიქმნა დოქტორ პერესის სახელობის პირველი ინსტიტუცია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ისრაელში და სხვა სახელმწიფოებშიც.
ამ ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის კულტურათშორისი და ტრანსდისციპლინური კვლევების ინსტიტუტის სივრცეში შეიქმნა ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორიას შეუერთდა და ამრიგად ჩამოყალიბდა შიმონ პერესის სახელობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი.
ქართველ ებრაელთა ყოფისა და კულტურის კვლევა იქცა ჩვენი მეცნიერული მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად. მომზადებულია სადოქტორო პროგრამა ეთნოლოგიაში, რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ქართველ ებრაელთა ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, ყოფაქცევის ნორმების, საქართველოში განსახლებისა და ქართველებთან კულტურულ-ისტორიული კავშირის მეცნიერული ძიებაა. ამგვარი მეცნიერული მუშაობა წარმოუდგენელია პარტნიორული თანამშრომლობის გარეშე. საქართველოს სახელმწიფო და ქართველ ებრაელთა ისტორიის მუზეუმების კვალდაკვალ იმედი გვაქვს, შემოვიკრებთ სხვა მეცნიერულ დაწესებულებებს, მათ შორის ისრაელიდანაც. აკი ამ კვლევებს ორივე ხალხისთვის კულტურული მნიშვნელობაც აქვს, ზოგადსამეცნიეროც, სოციალურ-პოლიტიკურიც, სახელმწიფოებრივიც და ისტორიულიც.
ახლო მომავალში უნივერსიტეტში დაგეგმილია ჰოლოკოსტის ხსოვნის კედლის შექმნა.