იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი უნივერსიტეტს
2013 წლის 15 მარტს უნივერსიტეტში იერუსალიმის დედა ღვთისმშობლისა და წმინდა მარიამ მაგდალინელის ხატები მოაბრძანეს. ხატები სპეციალურად საქართველოს საპატრიარქოსა და წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისათვის შეიქმნა წმინდა მიწაზე იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოსის ლოცვა-კურთხევით.
ამასთან დაკავშირებით არქიმანდრიტმა ადამმა უნივერსიტეტში ახლადგახსნილი სამლოცველო აკურთხა და ღვთისმშობლის სამადლობელო პარაკლისი აღავლინა. ამ სასიხარულო მოვლენას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები, პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები და შინდისის წმიდა თამარ მეფის სახელობის მონასტრის დედები, მრევლი, აგრეთვე, საპატიო სტუმრები ისრაელიდან.
ხატები განსაკუთრებული ტექნიკითაა შესრულებული მონოზონ სვინკლიტიკიასა და კიდევ ერთი უცნობი ბერის მიერ. ისიც უნდა ითქვას, რომ იერუსალიმის დედა ღვთისმშობლის ხატი სპეციალურად წმ. თამარ მეფის სასწავლო უნივერსიტეტისთვისაა შექმნილი და ამიერიდან უნივერსიტეტის სამლოცველოში იქნება დაბრძანებული. წმ. მარიამ მაგდალინელის საოცარი ხატი კი, რომელიც მისივე სავანიდან, მაგდალიდან ჩამობრძანდა, წმ. მიწის მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიერ მორთმეული პირადი ძღვენია საქართველოს პატრიარქისადმი, უდიდესი პატივისცემისა და სიყვარულის გამოსახატავად და მან საპატრიარქო რეზიდენციაში დაიდო სავანე.
პარაკლისის შემდგომ მამა ადამმა მრევლს კიდევ ერთხელ მიულოცა ესოდენ სასიხარულო მოვლენა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღეა არა მხოლოდ უნივერსიტეტის ცხოვრებაში, არამედ მთელი საქართველოსათვის. დასასრულ, მან იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატებით დაასაჩუქრა დამსწრენი.
იერუსალიმის დედა ღვთისმშობლისა და წმინდა მარიამ მაგდალინელის სასწაულმოქმედი ხატები საქართველოში 15 მარტს გამთენიისას ჩამოაბრძანეს. ბრწყინვალე ხატებს აეროპორტში სასულიერო პირები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები და მრევლი კმევით, გალობით და ანთებული სანთლებით მიეგებნენ.