მამა ადამი ჯემალ თოფურიძეზე „ლიტერატურულ გაზეთში“
„ლიტერატურული გაზეთი“ (N3, 13–26 თებერვალი) აქვეყნებს მამა ადამის წერილს მწერალ ჯემალ თოფურიძეზე „ქრისტესთან შეხვედრა დიოსკურიულად ანუ ჯემოს კოდი“.
გთავაზობთ ფინალურ ფრაგმენტს მამა ადამის წერილიდან:
სოხუმში იშვიათად თოვდა. სოხუმი მისი ბავშვობაა.
თბილისში უფრო ხშირად თოვს. ახლაც თოვს, ახლაც როცა მარინა გათხოვდა, კოტიკა კვდება... ის კი მაინც თოვს.
მომაკვდავს ექიმსაც ვერ ჩამოუყვანს. მისი ბრალი არ არის, ღმერთო, სიკვდილმა შეუშალა ხელი, შენ მაინც ხომ იცი, თორემ ჩამოუყვანდა, აკი ამისთვის იყო წამოსული. არ დასცალდა. სულ ასე ხდებოდა მის ბედკრულ ცხოვრებაში.
მამას ოჯახური ბედნიერება არ დასცალდა, რადგან უსამართლოდ მოექცნენ, ცილი დასწამეს, ტანჯეს – ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა იქ, რანაირად ან რით გაანადგურეს ეს ახალგაზრდა კაცი სამ დღეში?!
დედას შვილის გაზრდას და სიყვარულს არ აცლიდა მეფისტოფელივით ბებერი, ემუქრებოდა, აშინებდა და დასცინოდა (საკუთარი შვილის სიკვდილსაც);
მერე თოკმა წაგლიჯა მამა და ბავშვობაც;
ღალატმა კი მზე მოუკლა;
რამდენიმე წლის ლოთობამ და ბოლოს ქვევიდან მუცელში დარტყმულმა დანამ გურამი წაართვა, მამისმაგიერი და ძმა;
არც თავად დასცალდა მამობა და ცოლქმრობა („უნდა წავიდნენ ჩემგან, თორემ ყველაფერი განმეორდება. მარინაც დაიღუპება და შვილიც დამეღუპებაო“);
სიცოცხლე მაინც დასცლოდა უბედურს? მატარებელმა არ დააცალა („ქუჩამ ჩაიქროლა ხალხიანად, მატარებელივით, მატარებლის ფანჯრებზე გადმოფენილი მგზავრებით...“).
მწერლის შინაგანი ხმა, შემოქმედის ინტუიცია აქაც უბედურების მომასწავებლად წინასწარმეტყველებს. იგი მალე აუხდებოდა საქართველოს: 1978 წლის 22 აპრილს მწერალი ჯემალ თოფურიძე, სრულიად ახალგაზრდა, ავტოკატასტროფაში გარდაიცვლება.
სოხუმის დაცემამდე თხუთმეტიოდე წელია.
აგვისტოს ომამდე – სამი ათეული.
კიდევ როდის დაბრუნდება ზღვა, არავინ იცის.
2014 წლის 23–30 დეკემბერი.